leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რა არის ამერიკის შეერთებული შტატების კონკრეტული პრიორიტეტები ამ რეგიონში საქართველოსთან მიმართებაში და რატომ ხდება ამ ურთიერთობის მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტებში წარმოჩენა

“მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რა არის ამერიკის შეერთებული შტატების კონკრეტული პრიორიტეტები ამ რეგიონში საქართველოსთან მიმართებაში და რატომ ხდება სხვადასხვა მიზეზით ამ ურთიერთობის მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტებში წარმოჩენა”, –  განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული მიმართულება არის ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება.

„ამ ურთიერთობების გაღრმავების კონკრეტული ნიშნულებიც დავასახელეთ არაერთხელ, თუ რა შეიძლება იყოს აღქმული ურთიერთობების გადახედვაში, გაძლიერებაში და ასე შემდეგ.

თუმცა, ჩვენ რასაც ვხედავთ, როდესაც ხდება სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან სხვადასხვა მიზეზით საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან ურთიერთობების გამძაფრება, ძალიან რთულია, ვისაუბროთ ჩვენ ამ ურთიერთობების იმგვარად გადახედვაზე, როგორც ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის.
ჩვენ ვერ მოვახდენთ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე გადამწყვეტ გავლენებს, აქედან გამომდინარე, ჩვენთვისაც არსებობს რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები და მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ რა არის ამერიკის შეერთებული შტატების კონკრეტული პრიორიტეტები ამ რეგიონში საქართველოსთან მიმართებაში და რატომ ხდება სხვადასხვა მიზეზით ამ ურთიერთობის მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტებში წარმოჩენა მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს აბსოლუტურად განსხვავებული სურვილი. ეს სურვილი გაცხადებულია და მოიცავს ურთიერთობების გაღრმავებას და უფრო მაღალ დონეზე აყვანას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს გუშინ შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.

აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა კი კომენტარი დღეს გააკეთა და განაცხადა, რომ ქმედებები და განცხადებები, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისა და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში.

ასევე იხილეთ