„ჩვენს აღქმაში ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობას, ტრადიციულ, ქრისტიანულ ფასეულობებს, საუკუნეების მანძილზე ქართველები იმიტომ მიილტვოდნენ ევროპისკენ, რომ ჩვენ გვაერთიანებდა საერთო ქრისტიანული ტრადიციები და კულტურა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, როდესაც ამის საპირისპიროდ საუბარია, რომ ევროკავშირი თითქოს არის ქრისტიანული ტრადიციების საპირისპირო მოვლენა, ეს მიუღებელია.
„ჯერ ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ევროპული პრინციპი და სრულიად უტიფრად ეს კანონი გამოგვიცხადეს რუსულ კანონად. ახლა ჩვენ მივიღეთ მეორე კანონი, რომელიც აწესრიგებს უმარტივეს რამეს, რომ კაცი უნდა იყოს კაცი და ქალი უნდა იყოს ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი და ქალს უნდა ერქვას ქალი და ამასაც გვიცხადებენ რუსულ კანონად. ეს არის კიდევ ერთი აბსოლუტურად გაუგებარი მოვლენა. არ შეიძლება, ქართული საზოგადოების აღქმაში ევროპა ასოცირდებოდეს გაუმჭვირვალობასთან და ლგბტ პროპაგანდასთან. ეს არასწორია, ეს არ წაადგება ევროკავშირის იმიჯს ქართულ საზოგადოებაში. ჩვენს აღქმაში ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობას, ტრადიციულ, ქრისტიანულ ფასეულობებს. საუკუნეების მანძილზე ქართველები იმიტომ მიილტვოდნენ ევროპისკენ, რომ ჩვენ გვაერთიანებდა საერთო ქრისტიანული ტრადიციები და კულტურა. როდესაც ამის საპირისპიროდ შენ გეუბნებიან, რომ ევროკავშირი დღეს თითქოს არის ქრისტიანული ტრადიციების საპირისპირო მოვლენა, ეს არის მიუღებელი. ჩვენ გვჯერა, რომ რაც აერთიანებს ევროპას, ეს არის პირველ რიგში სწორედ ქრისტიანული ფასეულობები და სწორედ ამას ეძღვნება ის კანონი, რომელიც არის მიღებული – ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების დაცვას, ოჯახის, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას. როდესაც ამაშიც კი ეძებ უარყოფით მხარეს, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც არასწორი გინდა ამ ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში საქართველოზე მაქვს საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.