leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: ჩვენ ტერიტორიების დაბრუნებამდე უნდა დავიბრუნოთ მოსახლეობა, სხვანაირად არაფერი გამოვა

„ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა ერთმანეთს უნდა შევუნდოთო. ეს გარდაუვალია, ჩვენ ტერიტორიების დაბრუნებამდე უნდა დავიბრუნოთ მოსახლეობა, სხვანაირად არაფერი გამოვა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს:

ახლოვდება დღეები, როცა ჩვენ უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა!

ამ თემაზე არაფერი დამიწერია. მაინტერესებდა, რას იტყოდა პატივცემული საზოგადოება. სამწუხაროდ, ამ საზოგადოებაში არის მასა, რომელიც ისეთივე წინააღმდეგობას გაგვიწევს, როგორიც გაგვიწია ე.წ. რუსული კანონის მიღებისას. თუმცა ეგ არაფერია, გადავლახავთ.

ბიძინა ივანიშვილი ბოდიშს ოკუპანტებს უხდის, ჩვენ კიდე არ მოვუხდითო, ღირსებას, თავმოყვარეობას და პატრიოტიზმს არ შევილახავთო, – აცხადებენ საიდანღაც მოსულები ტელევიზორში და აქციებისთვის ემზადებიან. არავინ იცის, ვინ არიან და საიდან მოვიდნენ, რომელ ინკუბატორში გამოჩეკეს.

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა ერთმანეთს უნდა შევუნდოთო. ეს გარდაუვალია, ჩვენ ტერიტორიების დაბრუნებამდე უნდა დავიბრუნოთ მოსახლეობა, სხვანაირად არაფერი გამოვა.

ჩვენ ბოდიშის მოსახდელი არაფერი გვჭირსო, – აცხადებენ გუშინ დაბადებულები, რომლებსაც არ გაუვლიათ ის ჯოჯოხეთი, რაც ჩვენ გავიარეთ. იარების მოშუშების, შენდობისა და რაღაცების დავიწყების გარეშე ქვეყანას ვერ გავამთლიანებთ. უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, ჩვენ სისხლისმიერი ნათესავები ვართ, არსებობს შერეული ოჯახები.

ოსებმა მამა მომიკლესო, აფხაზებმა ქმარი მომიკლესო! – აცხადებენ მავანნი.

დიახ, იმათაც მოგვიკლეს და ჩვენც მოვუკალით. იყო შეცდომები, იქიდანაც და აქედანაც. ძალიან სამწუხაროა.

თუ ასე გავყვებით, მაშინ მოგვიწევს, ჩვენი მტკივნეული წარსული სრულად გავიხსენოთ:

მე და თქვენ გერმანელებმა ბებიები და ბაბუები დაგვიხოცეს. რა, არა?!

ჯალალედინმა 100 ათას ქართველს თავი იმიტომ მოჰკვეთა, რომ ხატებს ფეხი არ დააბიჯეს. რა, არა?!

ისპაჰანში პაატა სააკაძეს თავი მოჰკვეთეს და საქართველოში მამას გამოუგზავნეს. რა, არა?!

რომელი ერთი ჩამოვთვალო? ყველა მუდრეგი ჩვენ გვესეოდა და უპირველესად ვაზს გვიჩეხავდა. რა, არა?!

ზოგიერთმა მეზობელმა ჩვენი ტერიტორიები ისე მიითვისა, დაბრუნების შანსიც აღარ არსებობს. რა, არა?!

მოდით, მაშინ, გამოვუცხადოთ ყველას ომი!

თუ ომი არ გვინდა, ყველას დავეუმძრახოთ, რატომ შევუნდეთ გერმანელებს, სპარსელებს, ოსმალებს, მონღოლებსა თუ არაბებს?

მაპატიეთ, შეიძლება ცუდი შედარებები მოვიყვანე, მაგრამ არც ისე ცუდია. როცა საქმე ქვეყნის გამთლიანებას ეხება, პირადი თუ საერთო ტკივილი როგორმე უნდა გავაყუჩოთ.

იცით, ჩვენ, ვის თვალწინაც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველა უბედურებამ გაიარა, ბევრი ისეთი რამე ვიცით, რაზეც ღიად არ ვლაპარაკობთ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე არ ღირს, საქმეს გავაფუჭებთ. ალბათ, დადგება დრო და ვიტყვით. ამიტომ, გვაცალეთ!!!

გუშინ ვიდეო ამომიგდო, ვიღაც უდღეურები, ფეხის დაბაკუნებაზე სოროებში რომ ძვრებიან, გაწლიკულ მკერდზე მჯიღების ნაცვლად თითებს იბაკუნებდნენ, ჩვენ პატრიოტები ვართ, ბოდიშს არ მოვიხდითო.

ჰა, ჰა, ჰა!

ნეტავ ამათ ვინ სთხოვს, ბოდიში მოიხადეთო?!

არა, გენცვიებო, იქ, სადაც საჭირო იქნება, კაცები დასხდებიან და დაილაპარაკებენ!

ბოდიში კი არ გვაქვს მოსახდელი, ერთმანეთისთვის შენდობა გვაქვს სათქმელი.

ეგ არი და გორის ციხე!” – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ