სოზარ სუბარი: 26 ოქტომბრამდე „სტრატეგიული მეგობრების“ ზეწოლა გაგრძელდება და გაძლიერდება, შემდეგ კი აუცილებლად მოხდება გადატვირთვა
„დღეს მსოფლიოში ხდება მართლაც გეოპოლიტიკური რევოლუცია და ცვლილებები. ისე აღმოჩნდა, რომ ამ ცვლილებების უბრალოდ ეპიცენტრში კი არა, ლამისაა მესაჭეები ვართ და ბიძგს ვაძლევთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, როდესაც შეეხო დასავლეთიდან საქართველოზე გაძლიერებული ზეწოლის თემას.
როგორც სუბარმა განაცხადა, ზეწოლა არჩევნებამდე გაგრძელდება, თუმცა, 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, ვინაიდან აშკარა გახდება, რომ საქართველოში უცხო ძალები ვერ შეძლებენ მათი აგენტურის ხელისუფლებაში მოყვანას, რისი მცდელობაც მუდმივად აქვთ.
„ყოველდღე გვაქვს შეხვედრები მოსახლეობასთან. სამგორში, რომლის მაჟორიტარი დეპუტატიც ვარ, გვყავს ძალიან კარგი დელეგატი – ვარლამ ლიპარტელიანი. ადამიანი, რომელსაც მრავალგზის უსახელებია საქართველო და მას ყველგან საოცარი სიყვარულით ეგებებიან. ყოველდღე გვაქვს შეხვედრები სამგორის მოსახლეობასთან და ყველა შეხვედრაზე ადამიანებს აქვთ ერთი მთავარი კითხვა – როდის დამთავრდება დასავლეთიდან მომდინარე უსამართლო ზეწოლა. მე ყველას პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვპასუხობ – ეს ზეწოლა არ დამთავრდება 26 ოქტომბრამდე, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენს „მეგობრებს“ არ სურთ, საქართველოს ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს. მათ ურჩევნიათ, ჩვენს ქვეყანას მართავდნენ მათი მარიონეტები, მათ მიერ მართული აგენტები, რომლებიც უსიტყვოდ და დაუფიქრებლად შეასრულებენ მათ ყველა ბრძანებას, მაგრამ ეს არ მოხდება.
დღეს მსოფლიოში ხდება მართლაც გეოპოლიტიკური რევოლუცია და ცვლილებები. ისე აღმოჩნდა, რომ ამ ცვლილებების უბრალოდ ეპიცენტრში კი არა, ლამისაა მესაჭეები ვართ და ბიძგს ვაძლევთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. ეს კიდევ უფრო აცოფებს ჩვენს „სტრატეგიულ მეგობრებს“. სამწუხაროდ, იძულებული ვარ ეს სიტყვები – „სტრატეგიული მეგობრები“ – ბრჭყალებში ჩავსვა, რადგან იმ ფონზე, რა განცხადებებსაც ბოლო დროს ვისმენთ საქართველოს მიმართ და რა ქმედებებსაც ვხედავთ, ეს გამოთქმა ძალიან დაშორდა თავის რეალურ შინაარსს. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრის შემდეგ ეს ვითარება შეიცვლება და ურთიერთობები გადაიტვირთება.
ჩვენ სანქციების არ გვეშინია, რადგან სასწორის მეორე პინაზე ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოება, მშვიდობის შენარჩუნება და ქართული სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნა დევს. კიდევ გავიმეორებ, ამ ზეწოლებს ჩვენ გავუძლებთ, 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად მოხდება გადატვირთვა, რადგან, როგორც ჩვენ გვჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არანაკლებ ვჭირდებით ჩვენ მათ, შეიძლება უფრო მეტადაც კი. საქართველო არის კარიბჭე ძალიან დიდი რეგიონისკენ – ესაა კავკასია და ცენტრალური აზია, რომელიც უაღრესად მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, იმ წიაღისეულით, რომელიც საციცოცხლოდ სჭირდება დასავლეთს, თავად ამ ქვეყნებს კი გასაღების ბაზრებზე სჭირდებათ წვდომა. ასევე, საქართველოზე გადის ჩინეთისა და დასავლეთ ევროპის დამაკავშირებელი უმოკლესი დერეფანი.
ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველო სასიცოცხლოდ სჭირდება დასავლეთს და, მთლიანობაში, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. როდესაც დაინახავენ, რომ აგენტურა ვერ მოჰყავთ ხელისუფლებაში, იძულებული გახდებიან, ურთიერთობების გადატვირთვაზე იზრუნონ. მანამდე კი, ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას და გავაგრძელებთ იმ ეკონომიკურ ზრდას, რომლის გარეშეც ევროკავშირში არავინ შეგვიშვებს, რაც უნდა მივისწრაფოდეთ იქითკენ. თუ არ ვიქნებით ეკონომიკურად მზად იმ დონეზე, რომ ევროკავშირის მოთხოვნების მინიმუმს მაინც ვაკმაყოფილებდეთ, კავშირის კარებს არავინ გაგვიღებს.
ზედიზედ მეოთხე წელია, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. 4 წლის წინ დაახლოებით 4 000 დოლარი იყო ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა და მიმდინარე წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 9 000 დოლარამდე მიაღწევს, რაც უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ იმ დონეზე, რა დონეზეც იყვნენ რუმინეთი და ბულგარეთი, როდესაც ისინი ევროკავშირში მიიღეს. 5 წელიწადში კი, თუ ეკონომიკური ზრდის ასე გაგრძელებას შევძლებთ, გავუტოლდებით კიდეც ცხოვრების იმ დონეს, რაც იმ დროისთვის იქნება, მაგალითად, ბულგარეთში. ყველა პროგნოზი მეტყველებს, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება, მთავარია, მშვიდობა შევინარჩუნოთ და უცხოურ აგენტურას არ მივცეთ ხელისუფლებასთან ახლოს მისვლის შანსიც კი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.