შალვა პაპუაშვილი ბუბუტეიშვილის აღიარებაზე: მოუწოდებდნენ პარლამენტის პიკეტირებისკენ, მათ შორის, გიორგი ვაშაძე პირდაპირ მოუწოდებდა კანონდარღვევისკენ
“მოუწოდებდნენ პარლამენტის პიკეტირებისკენ, მათ შორის, გიორგი ვაშაძე პირდაპირ მოუწოდებდა კანონდარღვევისკენ”, – განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილის აღიარების შეფასებისას.
კერძოდ, ბუბუტეიშვილი, რომელსაც გამოძიება პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებასა და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავება, აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა.
„(აქცია) რეალიზებული და მართული იყო ოპოზიციისა და ზოგიერთი რადიკალი „ენჯეოს“ მხრიდან. ამას ისეც ვხედავდით პირდაპირ ეთერში, თუ როგორ მოუწოდებდა სხვადასხვა პირი და როგორ ხელმძღვანელობდნენ მთლიანად პროცესს. მოუწოდებდნენ პარლამენტის პიკეტირებისკენ, მათ შორის, გიორგი ვაშაძე, რაც არის კანონდარღვევა და ის პირდაპირ მოუწოდებდა კანონდარღვევისკენ. რა თქმა უნდა, მან იცოდა, რომ ამას მოჰყვებოდა პოლიციის მხრიდან რეაგირება და ეს იყო პირდაპირ წაქეზება პოლიციასთან დაჯახებისკენ. შედეგებიც ვნახეთ ჩვენ – 8 პოლიციელი დაშავდა ამ აქციების დროს, მათ შორის, ერთ-ერთ მათგანს ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. რაც შეეხება ამ აღიარებას, იმედია, დაინტერესდება პროკურატურა ამ საკითხით და დანარჩენი დეტალებიც გაირკვევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელსაც გამოძიება პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებასა და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავება, აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა.