მამუკა მდინარაძე: სრული „ფეიკია“, თითქოს ჩიპები შემოდის გაათმაგებული ოდენობით. ეს ემსახურება საქართველოს მტრობას,
„სრული „ფეიკია“, თითქოს ჩიპები შემოდის გაათმაგებული ოდენობით. ეს ემსახურება საქართველოს მტრობას, საქართველოს ომში ჩართვას, საერთაშორისო იმიჯის შელახვას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე გავეცანი ლაშა ხუციშვილის განცხადებას. პუნქტებად არის ჩამოწერილი და სამწუხაროდ ყველა პუნქტში მოიტყუა იმ გამოცემამ, რომელმაც დაწერა ეს „ფეიკი“. ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ საქართველოს ისევ დაჰბრალდეს, რომ ის არის შავი ხვრელი და სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ეს არის პირდაპირი მტრობა. ეს არ არის შემთხვევითი „ფეიკი“, რომელიც უბრალოდ იმიჯის დაზიანებას უწყობს ხელს. ეს „ფეიკი“ ემსახურება საქართველოს მტრობას, საქართველოს ომში ჩართვას, საერთაშორისო იმიჯის იმგვარად შელახვას, რომ მთელმა მსოფლიომ ილაპარაკოს, რომ საქართველო არის სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ოღონდ ამ დროს საქართველო არის სანიმუშო, რომელსაც ერთი მტკიცებულებაც ვერ დაუდეს, რომ ერთხელ გაეპარა ისეთი საკითხი, რომელიც სანქციების გვერდის ავლისთვის შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. ასეთ ქვეყანას საკუთარ ქვეყანაში მოქმედი გამოცემები და ტელევიზიები აბრალებენ სანქციების გვერდის ავლას. თურმე პანდემიამდელ პერიოდამდე რაც იყო, ის ყოფილა შემცირებული, ამ დროს თითქოს ჩიპები შემოდის გაათმაგებული ოდენობით, რაც სრული „ფეიკია“. ზოგიერთ შემთხვევაში პროცენტებზე რომ ლაპარაკობენ, სულ ქვეყნის მასშტაბით საუბარია 5600-5700 დოლარზე. ამით უნდათ ქვეყანა ისე გააშავონ, თითქოს საქართველო ცივილიზებული სამყაროს მტერია და ხელს უწყობს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. ეს არის მტრობა“, – აღნიშნა მდინარაძემ.