left_sabechdi

კახა კალაძე: მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, არ დაუჯეროთ ამ რადიკალ პოლიტიკოსებს და არ აჰყვეთ მათ ბინძურ კამპანიას

„ეს სიახლე არ არის ჩემთვის. ჩვენ არაერთხელ გვინახავს ლიდერების მოწოდებები ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ამის შემდეგ თვითონ გაიპარებოდნენ ხოლმე აქციიდან და ახალგაზრდებს შეატოვებდნენ პირისპირ სამართალდამცველებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას მიმდინარე წლის მარტის აქციაზე ერთ-ერთ დაკავებულზე ჰკითხეს, რომლის თქმითაც, ის აქციაზე  ინსტრუქციას  უშუალოდ  გიორგი ვაშაძისგან იღებდა.

კახა კალაძის თქმით, დღეს, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, ხოლო კანონდარღვევას ყოველთვის მოსდევს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

„დღეს, ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი მოსაზრება თუნდაც აქციებში მონაწილეობის  სახით და ამისი წინააღმდეგი არავინ არის. ყველას აქვს ამის უფლება,  მაგრამ როდესაც გადადიხარ ზღვარს და სცდები კანონის ჩარჩოებს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

შესაბამისად, მინდა, მივმართო ასევე ახალგაზრდებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუჯეროთ ამ რადიკალ ბინძურ პოლიტიკოსებს, რადგან ისინი თავიანთი მიზნების მისაღწევად ყველაფერს გამოიყენებენ უფრო მძიმედ და უფრო ბრუტალურადაც. რა თქმა უნდა, არ უნდა ავყვეთ მათ მოწოდებებსა და მათ ბინძურ კამპანიას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ