გიორგი ვოლსკი გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე: უნდა გაერთიანდეს წყალი და ზეთი და მთავარი მომრევი თითქოსდა არის სალომე ზურაბიშვილი, ლიდერი, რომელმაც ჩაანაცვლა მიხეილ სააკაშვილი
გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანების საკითხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მედიასთან გამოეხმაურა.
„დღევანდელი სცენარი არის ასეთი – უნდა გაერთიანდეს წყალი და ზეთი და მთავარი მომრევი თითქოსდა არის სალომე ზურაბიშვილი, ლიდერი, რომელმაც ჩაანაცვლა მიხეილ სააკაშვილი – მისი უშველებელი ქოლგით, რომლის გარშემო უნდა გააერთიანოს მთელი რადიკალური ოპოზიცია. თუმცა, საზოგადოებისთვის ეს სასაცილოა. მე დარწმუნებული ვარ, ეს სასაცილოა ოპოზიციის მხრიდანაც“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გახარია-ხაზარაძე გაერთიანებაზე კვლავ ვერ თანხმდებიან. სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით ორსაათიანი მსჯელობის შემდეგ, ორბელიანების სასახლე 18 სექტემბერს, საღამოს გახარია-ხაზარაძემ საკუთარ გუნდებთან კონსულტაციების მიზნით დატოვეს, ერთ საათში კვლავ უკან მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდნენ, თუმცა მაინც უშედეგოდ. მორიგი შეხვედრა მხარეებს შორის ათონელის რეზიდენციაში დღეს უნდა შედგეს.