“კარგად ვხედავთ, რომ ვითარება სახარბიელო არ არის. ველოდებით პერიოდს, როდესაც გამოსწორების გზას დაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და ამერიკის ელჩის საუბარი რომც არ შემდგარიყო, კარგად ვხედავთ, რომ ვითარება სახარბიელო არ არის. ველოდებით პერიოდს, როდესაც გამოსწორების გზას დაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობა მას შემდეგ, რაც დაფინანსებულია ორგანიზაციები, რომლებიც რევოლუციის მოწყობის სცენარში პირდაპირ არიან ჩართული. მით უმეტეს, ამ მდგომარეობის გამწვავება და დამატებითი ნაბიჯების გადადგმა გამწვავებისკენ რეალურ, ფაქტობრივ შედეგს მოიტანს, რასაც ტრიბუნიდან განცხადება არ სჭირდება. ეს ორჯერ ორი ოთხია, ეს არის ფორმულა, რომელიც მსოფლიოში ჯერ არავის შეუცვლია. რასაკვირველია, კრიტიკულ ზღვარს თავი უნდა დავაღწიოთ და გავიდეთ პოზიციების დაახლოების იმ გეგმაზე, რომელიც გვქონდა 2004 წელშიც, როდესაც ერთად ვაგვარებდით ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, მაშინ, როდესაც ჩვენ ავღანეთსა და ერაყში ერთად ვიდექით. ამის დაბრუნება მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვაქვს ძალა და რესურსი, რომ რაიმე საპირისპირო, ანალოგიური და თანაზომადი ნაბიჯები გადავდგათ. რასაკვირველია, ჩვენ ვერ დავასანქცირებთ ვერც მოსამართლეს და ვერც სამართალდამცველს იმის გამო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციელებმა ძალა გამოიყენეს მიტინგის დაშლის დროს და ჩვენ ეს ვიხილეთ, საკმაოდ ხისტი ძალა გამოიყენეს. გინდათ, არჩევნებისა და დაპირისპირების თემას გადავხედოთ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს კინაღამ საბედისწერო პროცესი განვითარდა.
ჩვენ გვაქვს რესურსი, დავდგეთ იმ პოზიციაზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს და იდეას უახლოვდება, მაგრამ ეს ინტერესი საქართველოს ინტერესებთან შესაბამისი უნდა იყოს. ეს შესაბამისობაში თუ ვერ მოვიდა, რასაკვირველია, პოზიციათა დაპირისპირება და გახლეჩა ძალიან ცუდია, რომლისკენაც საქართველო არ მიისწრაფვის. არ მგონია, საქმე სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტამდე მივიდეს, ვინაიდან მსოფლიოში მიმდინარეობს ისეთი პროცესი, სადაც საქართველოს საგანგებო მნიშვნელობა ექნება. მისი სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი განმაპირობებელი არის შუა დერეფნის მნიშვნელობა, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს აერთიანებს. ამ გაერთიანებასა და თანამშრომლობაზე მსოფლიომ უარი თუ თქვა, განსაცდელი, რომელიც კაცობრიობას ემუქრება, გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე შეიძლება, წარმოვიდგინოთ. ეს არის კატასტროფული ნგრევა მთელი მსოფლიოსი, მათ შორის საქართველოსი, რომელიც შეიძლება განაპირობოს ბირთვული იარაღით ერთმანეთთან დაპირისპირებამ. ჩვენს სამომავლო სტრატეგიას დაპირისპირების მასშტაბის გაზრდაზე ვერ ავაწყობთ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.