ნაპოლის ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა (პლუს 1 საგოლე პასი) და იტალიური მედია კვლავ აალაპარაკა. 23 წლის ქართველი შემტევი ნაპოლის სერია A-ში ჯერ სასუოლოს (6:1), შემდეგ კი ტურინის იუვენტუსის (2:1) დამარცხებაში დაეხმარა.
გამოცემა Corriere dello Sport-მა ნაპოლის შესახებ სტატიაში ცალკე თავი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნა. ავტორის აზრით, მართალია, მიმდინარე სეზონში კვარას ჰქონდა ნაკლებად ეფექტური მატჩები, მაგრამ მისი ტალანტი არსად დაკარგულა და ეს ბოლო შეხვედრებში დამტკიცდა.
„არის მარადიული ხელოვანი, ანტიკური და ამავდროულად, თანამედროვეც, რომელიც საფეხბურთო მოედნებზე დაიარება. მას კვარავაჯო ჰქვია. ის ხატავს ფსიქოდელიურ სურათებს და აბედნიერებს ესთეტებსა და მეოცნებეებს.
ხვიჩა კვარაცხელია არსად დაკარგულა. შესაძლოა, გარკვეულ პერიოდში ის ისვენებდა, ზარმაცობდა ან უფრო უარესი, დამწუხრებული იყო იმ მარტოობის გამო, რომელშიც აღმოჩნდა.
მაგრამ შემდეგ კვლავ გამოჩნდა ოლივერა (ან მარიო რუი). გამოჩნდა პარტნიორი, რომელმაც ის გისოსებიდან გაათავისუფლა და მანაც თავისი ტალანტის წარმოსაჩენად მიიღო სივრცე. ასე იყო რეჯო ემილიაში. სასუოლოსთან ის კარშიც ურტყამდა, გოლებსაც იტანდა და პასებითაც ამარაგებდა თანაგუნდელ ოსიმენს, იუვენტუსთან კი მან ყველაფერი თავად გააკეთა.
მისი საშუალო მაჩვენებლები მცირედით, მაგრამ ჯერ კიდევ ჩამოუვარდება იმ შედეგებს, რომელიც მისთვის პირველ, სენსაციურ სეზონში ჰქონდა და ჩემპიონატის MVP გახდა”.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ჩატარებულ 35 შეხვედრაში 9 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს. კიდევ ორჯერ მან პენალტი გამოიმუშავა.
ნაპოლი, რომელსაც ფრანჩესკო კალოცნა წვრთნის, სერია A-ს სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-7 ადგილზეა, უახლოეს მატჩს კი 8 მარტს, საკუთარ მოედანზე საბა საზონოვის ტორინოსთან ჩაატარებს.