ფრანგულმა მეცმა საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მან გამოკითხვაში ხმების 56% მიიღო და კონკურენტებს საგრძნობი სხვაობით აჯობა.
მიქაუტაძეს გასულ თვეში გოლი და საგოლე პასი ჰქონდა და ნელ-ნელა მეცის ლიდერის როლსაც იბრუნებს. მარტის დასაწყისში მან ნანტთანაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა, რისი წყალობითაც კლუბმა 2:0 იმარჯვა და 10-მატჩიანი წარუმატებელი სერია (1 ფრე, 9 წაგება) შეწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე კლუბში თვის საუკეთესო მოთამაშედ ამ სეზონში უკვე მეორედ აღიარეს. პირველად ის საუკეთესოდ აგვისტოში დაასახელეს, სანამ ამსტერდამის აიაქსში გადავიდოდა.
მთლიანობაში, გიორგის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი სეზონი ნიდერლანდებში გაატარა, მაინც ფრანგული გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
მეცს 20 ქულა მოუგროვდა და მართალიაც ჯერაც გასავარდნ ზონაში (მე-17 ადგილზე) რჩება, კონკურენტებთან სხვაობა შეამცირა და გადარჩენისთვის ბრძოლაში დაბრუნდა. მიქაუტაძის კლუბი მომდევნო ტურში 10 მარტს უშუალო კონკურენტს, ბოლოადგილოსან კლერმონს უმასპინძლებს.