leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძე: წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის რამდენიმე ფაქტი

“წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის რამდენიმე ფაქტი”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ.

მან ცესკო-ს დისკრედიტაციის მცდელობის რამდენიმე კონკრეტული მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ აღნიშნულის მიზანია, შეიქმნას გარკვეული ქაოსი, რაც ამომრჩევლების დაბნევას და იმგვარ ნეგატიურ შედეგს გამოიწვევს, რომელმაც შესაძლოა, არჩევნების მთლიანობას საფრთხე შეუქმნას.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიებისთვის შეიმუშავა „პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი“, რომელიც 2024 წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს ეფუძნება. ხელმოწერის პროცესის დაწყებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ „ქცევის კოდექსის“ პროექტი გაცნობისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით პარტიებს გაუგზავნა და საბოლოო ვერსია სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავდა. საბოლოოდ, პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან „ქცევის კოდექსს“ ხელი მხოლოდ ექვსმა პარტიამ მოაწერა (ხელმოწერისთვის დადგენილი ვადა 13 სექტემბერს ამოიწურა). ცესკოს ცნობით, ხელმომწერი პარტიები არიან: „ქართული ოცნება“, „შეცვალე საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“, „სამართლიანობისთვის“, „მესამე გზა“ და „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“. არცერთმა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

14 სექტემბერს ოპოზიციურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ დანიშნულ წევრებს ხელი შეეშალათ დაკვირვებოდნენ ისნისა და მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარების პროცესს. ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით დასტურდება, რომ საარჩევნო პროცესში გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს შესაძლებლობას აძლევს დააკვირდნენ აღნიშნულ ტრენინგებს, მათი მიმდინარეობისთვის ხელის შეშლის გარეშე. აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობს კიდეც მათი დიდი ნაწილი. ზემოხსენებულ შემთხვევაში, მითითებული პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს მცდელობა ჰქონდათ ხელი შეეშალათ ტრენინგების მიმდინარეობისთვის, შემდგომ საკითხის ისე წარმოსაჩენად, თითქოს მათ არ მიეცათ პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა.

18 სექტემბერს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის ბრიფინგით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიისას, მედიასაშუალებებით გავრცელდა ურთიერთსაწინააღმდეგო, არასწორი და კანონთან შეუსაბამო ინფორმაცია საარჩევნო ბიულეტენების შევსების წესის, ხმის მიცემის ფარულობისა და ხმების დათვლის წესთან დაკავშირებით. კერძოდ, „ტვ პირველის“ ეთერში, 5 სექტემბერს, სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებით, მან პირდაპირ მოუწოდა ამომრჩევლებს, გააფერადონ საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული ერთი წრე, შემდეგ ის გადახაზონ და გააფერადონ სხვა წრე და „დააიმედა“ ამომრჩევლები, რომ ხელით გადათვლისას, საარჩევნო ადმინისტრაცია იძულებული იქნება ასეთი საარჩევნო ბიულეტენები ჩათვალოს ნამდვილად, მიუხედავად იმისა, რომ აპარატი მას ბათილად მიიჩნევს. ამავე კონტექსტში, იმგვარად მოიხსენია ხმის მიცემის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენების ფოტოგადაღების შესაძლებლობა, თითქოს ეს დაშვებული იყოს კანონით. ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 15 სექტემბერს გავრცელდა ზემოხსენებული ორგანიზაციის იმავე წარმომადგენლის მიერ სხვა განცხადება, რომელიც გარკვეულწილად წინააღმდეგობაშია 5 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციასთან, მაგრამ ამავდროულად, კვლავ კანონსაწინააღმდეგო და მანიპულაციურია. ამ შემთხვევაში, განმცხადებელი საუბრობს, რომ ფოტოვიდეოგადაღება არის აკრძალული, მაგრამ შეფასებებში ის მაინც უშვებს ფარული კენჭისყრის კაბინაში ფოტოვიდეოგადაღების შესაძლებლობას. ყოველივე ეს ემსახურება გარკვეული ქაოტური სიტუაციის შექმნას, რადგან კანონშეუსაბამო და დეზინფორმაციულმა საინფორმაციო კამპანიამ, შესაძლოა გამოიწვიოს ამომრჩევლის დაბნევა და იმგვარი ნეგატიური შედეგი, რომელმაც, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას არჩევნების მთლიანობას”, –  განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

 

 

 

ასევე იხილეთ