left_sabechdi

ბათუმს დამატებით 25 ერთეული, „EURO-6“ ტიპის, 12-მეტრიანი ავტობუსი შეემატა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად ახალი ავტობუსები წარადგინა.

„EURO-6“ ტიპის ავტობუსებზე 70 მძღოლი დასაქმდება. ავტობუსით 100 მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი და სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის. ამ ეტაპზე შემოსულია 10 ერთეული ავტობუსი, ხოლო 15 ერთეული „EURO-6“ ტიპის ავტობუსით ავტოპარკის განახლება თვის ბოლომდე, ეტაპობრივად განხორციელდება.

2018 წლიდან დღემდე ბათუმის ავტოპარკი 149 ერთეული თანამედროვე სტანდარტის ავტობუსით განახლდა, მათ შორის 8 ელექტროავტობუსია. აგვისტოში ბათუმის ავტოპარკს 100 ერთეული მიკროავტობუსი შეემატა, რომელიც ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას ემსახურება.

გაზრდილი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, ახალი ავტობუსები სარფისა და ხელვაჩაურის მიმართულებებით მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებს, ხოლო ამ მიმართულებებზე მოძრავი ავტობუსები საჭიროებისამებრ სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდება. ასევე, დამატებით შეიქმნება ახალი მარშრუტი, რომელიც თამარის დასახლებას მოემსახურება.

ასევე იხილეთ