პაატა ნაცვლიშვილი: ჰოდა, როგორ გადაგვიდგნენ ქუჩაში მე და აჩიკო გოგელიას ანუ თავისუფლების ფასი
ჰოდა, როგორ გადაგვიდგნენ ქუჩაში
მე და აჩიკო გოგელიას ანუ
თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს ფ ა ს ი
ჰოდა, მოვდივართ გუშინ მე და აჩიკო გოგელია კოტე აფხაზის რომ ჰქვია და ადრე გენერალ ლესელიძის რომ ერქვა, იმ ქუჩით. შვილიშვილებზე ვლაპარაკობთ. ის თავის ნაბოლარას აქებს, მე – ჩემს პირველს. როცა გავიცანი, Archil Gogelia უკვე ძალიან ცნობილი ჟურნალისტი იყო, ჩემზე გაცილებით უფროსი და უკვე რედაქტორობის მიუწვდომელ სიმაღლეზე მდგომი. ახლა ვერც ის გაიხსენებს და ვერც მე, რამდენი ჟურნალისა თუ რამდენი გაზეთის რედაქტორი ვიყავით ან ერთი და ან მეორე. ასაკით კი თითქმის გავსწორდით – ისიც ბერიკაცია და მეც. ლამის.
ჰოდა, სიონიდან მოვდივართ, ლადო ასათიანის მანანას გასვენებიდან. ცოტა ხალხი იყოო, აჩიკო იძახის. ცოტა ხალხი კი არ იყო, ცოტა ხალხი დარჩა-მეთქი. დღეს ზოგიერთი ტვინგადაბრუნებულის ფეხისა და ჭკუის ხმას აყოლილმა ახალგაზრდობამ ლადო ასათიანის ქალიშვილი კი არა, თავად ლადო ასათიანიც აღარ იცის და თუ იცის, ვაი, ამ ცოდნას.
ჰოდა, ახლა ის ლექსი ემახსოვრება სასიკვდილოდ გადადებულმა პოეტმა რომ მიუძღვნა თავის პაწაწა ქალიშვილს?!
ჰოდა, სწორედ ამიტომაც იყო ცოტა ხალხი. ბევრი იქ დახვდება მანანა ასათიანს-მეთქი.
ჰოდა, ამ ცოტა ხალხს რომ უყურებ, მაშინ გრძნობ, რომ შენც კარგი ბერიკაცი ხარ. შეხვდები ძველ ნაცნობს, ასე, 10-15 წელიწადია, რომ არ გინახავს და გიკვირს – ასე რამ დააბერაო და ვერ გრძნობ, რომ ისიც ზუსტად ამასვე ფიქრობს შენზე! არა, ქალებზე არაფერს ვიტყვი. ამას წინათ, ცოტნე ნაკაშიძე ვერ ვიცანი, წლების წინ ჩემი პიესა რომ დადგა უნივერსიტეტის სცენაზე. აჩიკო გოგელიაზე რაც გინდა თქვი, არც თავისი უკვე განვლილი 84 წელი ეტყობა, არც გასავლელი და არც არაფერი! ამ ბოლო დროს წვივზე კუნთი მენასკვებაო, – მხოლოდ ამას ჩივის. მაგრამ, რამე რომ იყოს, განასკვული წვივი სულაც არ შეუშლის ხელს, რომ ერთ-ორი ახირებული ძველებურად დაიფრინოს.
ჰოდა, მოვყვებით კოტე აფხაზის ქუჩას ამ ლაპარაკითა და ფიქრებით. უკვე თავისუფლების მოედანს ვუახლოვდებით. ლენინის მოედანს, რომ თავისუფლების მოედანს არქმევ, ძალიანაც კარგი, მაგრამ გენერალ ლესელიძეს რას ერჩი? ბევრი გყავდა ასეთი გენერალი? რაო, ქუჩები არა გყოფნის მეგაპოლისამდე გაზრდილ თბილისში, რომ კოტე აფხაზის ქუჩა რომელიმე სხვას დაარქვა? აჰა, ლესელიძე თურმე მეორე მსოფლიო ომის გმირია, არა? ვაჰ, თურმე რუსების გენერალი იყო, არა? რა, გრიზოდუბოვას ქუჩა რომ გაქვს, თბილისში, ეს გრიზოდუბოვა რუსი პოლკოვნიკი არ იყო იმავე ომში?! ან პეტრე ბაგრატიონი რუსებისთვის არ იბრძოდა, თუ რა, ძეგლიც რომ დაუდგით?! ან ეს პოემის გმირების სახელების დარქმევა რა არის?! ვისი საქმეა ეს ყველაფერი? მერიის? შეხვალ ინტერნეტში, რომ გაიგო, რა ხდება და როგორ და city24.ge, სანამ რამეს გაარკვევდე, # თავისუფლება მიშათი გეგებება… ხალხს რომ ცოტა ხანიც ეცლია, თავისუფლების მოედანს მიშას მოედანს დაარქმევდნენ! კოტე აფხაზზე გამახსენდა, აჩიკო გოგელია მეგობრობდა კოტე აფხაზთან. იმასთან არა, ქუჩადქცეულთან, სხვასთან. ვარ ამ ფიქრებში, აჩიკო ისევ თავის შვილიშვილებზე მელაპარაკება და, ის იყო, კოტე აფხაზის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე 20-30 ნაბიჯი გვრჩება, რომ… ბახ! ვიღაც თავზეხელაღებული გზას გვიჭრის, გაშლილი ხელებით წინ გვეღობება და არსად არ გაგიშვებთო, – გვეუბნება. ულვაშები კი აქვს აწკეპილი სისონა დარჩიასავით.
ჰოდა, იმდენად დავიბენი, რომ თავიდან ვერ ვიცანი. კი, თითქოს ვიცნობ, მაგრამ არ ვიცი – რეალურად ვიცნობ თუ ტელეეკრანიდან მახსოვს. თუ რეალურად ვიცნობ, როგორც ჩანს, კარგა ხანია არ მინახავს, ისევე როგორც ბევრი იმათგანი, დღეს რომ ვნახე სიონთან. თითქოს სახელიც კი ამომიტივტივდა მეხსიერებაში – კოტე! მერე ვფიქრობ, იქნებ სულაც არ ჰქვია კოტე და ეს სახელი კოტე აფხაზის ქუჩამ და მასზე ფიქრებმა გააჩინა? რას გაუგებ ბერიკაცულ მეხსიერებას თუ სკლეროზს! არა, არა, – ნამდვილად კოტეა! თუ – არა? ახლა ამის დაწერას გაცილებით მეტს ხანს მოვუნდი, ვიდრე მაშინ ეს ფიქრები ჩემს თავში გაკრთა. თან იმასაც ვფიქრობ, აჩიკო გოგელია მარტო გაუმკლავდება ამას, თუ ჩემი მიხმარებაც დასჭირდება? შარი გვინდოდა ბერიკაცებს?! კარგი ჩასხმული კაცია, ადრე უეჭველად სპორტსმენი უნდა ყოფილიყო. თან ეს აწკეპილი ულვაშები!
ჰოდა, ამას თუ იცნობ-მეთქი, აჩიკოზე ვეუბნები, ყოველი შემთხვევისთვის. აკი აჩიკოსაც ეტყობა, რომ ნასპორტსმენალია! რომ ვიცნობ და ორივეს რომ გიცნობთ, იმიტომ შეგაყენეთო!
ჰოდა, მართლა კოტეა! გამახსენდა, როგორ არ გამახსენდა! ერთხელ, მარჯანიშვილზე შეხვედრისას გაკვირვებული მეუბნება, – როგორ, იტალიაში იყავი და ვოლტერა არ გინახავსო?! აუცილებლად უნდა ნახოო. გეგონება ვენეცია იყოს ან ფლორენცია. არ გამეგონა ეს ვოლტერა. ვნახე ინტერნეტში – მართლა მაგარი ქალაქი ყოფილა, არანაკლებ მაგარი, ვიდრე, ვთქვათ, ლუკა. მას მერე სულ ვნანობ, თუ პიზისთვის თუ ლუკასთვის გავიმრუდე გზა ლივორნოსკენ მიმავალმა, ნეტა ლივორნოდან რომ სიენასკენ წავედი, რატომ ვოლტერას გზა არ ავირჩიე-მეთქი. ან იქნებ სწორედ ის გზა ავირჩიე, ჩავუარეთ კიდეც და არ ვიცოდი, რომ შორს რომ ჩანდა, იმ ქალაქშიც უნდა შეგვევლო.
ჰოდა, კოტე! დიახ, კოტე! Kote Gabrichidze. ხან სადა აქვს გახსნილი ყურადღებამისაქცევი რესტორანი და ხან – სად. ვოლტერაში არა, თბილისში. ათი-თხუთმეტი წლის წინ იაპონიაში გადაღებული ჩემი ფოტოების გამოფენაც კი მოაწყო თავის ერთ-ერთ პირველ რესტორანში – ვაკეში, უნივერსიტეტის მე-5 კორპუსთან. ყავის ვეებერთელა არჩევანი ჰქონდა. რამდენჯერმე ვიყავი. სტუმარიც მიმიყვანია. იმ რესტორანსა თუ კაფეს რაღაც თითქოს მოგზაურობასთან დაკავშირებული სახელი ერქვა. უკვე ვეღარ ვიხსენებ. ახლა კოტე გაბრიჩიძე, კოტე კი არა, კოსტანტინე, არც მეტი არც ნაკლები, ქართველ რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტია. თუმცა სარესტორნო ბიზნესში ჩართული ადამიანისთვის ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს! ახლა, მეორედ რომ წავიკითხე ტექსტი, გამახსენდა იმ რესტორნის სახელი – „დისკოვერი“ ერქვა.
ჰოდა, არ გაგიშვებთო, – ქართველ რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა. არ გიშვებთო! – კოტე გაბრიჩიძე გვეუბნება, კოტე აფხაზის ქუჩას გვიღობავს და მეჩვენება, რომ იმ აწკეპილ ულვაშებს კიდევ უფრო წკიპავს. ჩემი რესტორანი უნდა დაგათვალიერებინოთო. კაი, მოზრდილი რესტორანია, გარეთ გამოტანილ მაგიდებზე ეტყობა, რომ საკმაოდ ძვირფასიც, მდიდარ ტურისტებზე გათვლილი, საჩვენებელი და საამაყო. კოტე წინ რომ არ გადაგვდგომოდა, ამ უბანში ასეთ რესტორანში შესვლა თუნდაც ნარედაქტორალ, თუნდაც ცნობილ ჟურნალისტებს, მაგრამ მაინც ჩვეულებრივ თბილისელ ბერიკაცებს თავში ალბათ არ მოგვივიდოდა. აკი არც გაგვიხედავს, სანამ კოტემ გზა არ გადაგვიჭრა ფართოდ გაშლილი ხელებით და გადაადგილების თავისუფლება არ შეგვიზღუდა. არადა, თავისუფლების მოედნამდე 20-25 ნაბიჯი გვქონდა დარჩენილი.
ჰოდა, რესტორანსაც ასე ჰქვია: „20 ნაბიჯი თავისუფლებამდე“. შეიძლება სხვა სახელიც რქმეოდა, მაგალითად: „25 ნაბიჯი თავისუფლებამდე“. კოტემ და მისმა მრავალი წლის პარტნიორმა დათო გიორგობიანმა, Totxmeti Totxmeti Dato Giorgobiani სულ ნაბიჯ-ნაბიჯ გადაზომეს მანძილი რესტორნის შესასვლელიდან თავისუფლების მოედნამდე. ერთის ნაბიჯით 20 გამოვიდა, მეორისათი – 25! ჩემი ნაბიჯით ალბათ მინიმუმ 30 იქნება. ორივენი ძველი სპორტსმენები არიან. აჩიკო გოგელია დათო გიორგობიანს თურმე სულ ბავშვობიდან იცნობს – სკოლის მოწაფე იყო დათო, როცა „ლელოში“ მიუყვანიათ და რედაქტორ გოგელიას მისთვის პატარ-პატარა საფეხბურთო ოპუსები დაუბეჭდავს. ეს მერე გავიგე, კოტემ მითხრა. დათო იმჯერად რესტორანში არ იყო. ხოლო კოტემ საუკეთესო წითელი ღვინო გამოიღო და დაგვისხა.
ჰოდა, ისე ადვილად ააწყვეს საუბარი კოტემ და აჩიკომ, თითქოს გუშინაც ერთად ისხდნენ სამეგობრო სუფრაზე. საერთო თემა, რასაკვირველია, სპორტი იყო, მათი საერთო თემა, ჩვენი საერთო თემა. მრავალი ნაცნობი გაიხსენეს. თურმე ახლო მომავალში კოტეს და დათოს სპორტკაფეს გახსნა სურთ. ადგილიც შერჩეული აქვთ ოპერის ქვემოთ, ბროსეს ქუჩაზე და რემონტიც უკვე დაწყებული აქვთ. რამდენიმე საინტერესო ექსპონატს შევპირდი კაფეს ინტერიერის დასამშვენებლად. კოტეც და დათოც დიდ ყურადღებას უთმობენ რესტორნის ინტერიერსაც და გაფორმებასაც. სახელწოდებასაც, როგორც მიხვდით. რესტორანი რესტორანია, მაგრამ თვალიც ხომ ჭამს და ყურიც ხომ ჭამს. „20 ნაბიჯი თავისუფლებამდე“ ჭერზე თუ კედელზე ღვინის ბოთლებით სავსე ჩემოდნებით არის გაფორმებული. ამოიღებ ჩემოდნიდან, რომელიმე იშვიათ ღვინოს, დალევ და თავისუფლებამდე მანძილი, ვერც გაიგებ, ისე შემცირდება და თვალსა და ხელს შუა აღმოჩნდები თავისუფლებაზე.
ჰოდა, ღვინო კი მართლა მშვენიერი იყო. რა ღვინო იყო და, ალექსანდროული. ნიკორწმინდის მარნისა. იშვიათი. „მონასტრისა“ ერქვა. ღვინო თურმე ამ რესტორნის მთავარი… კერძია! უნიკალური ღვინოების გარდა, აქ ღვინიანი კერძების დიდი არჩევანია. ხოლო რესტორნის მენიუს პირველსავე გვერდზე ვკითხულობთ: „ჩვენი რესტორნის მთავარი მამოძრავებელია – ღვინო: ჩვენ სტუმარს ვთავაზობთ მხოლოდ მცირე მარნებში წარმოებულ განსაკუთრებულ ღვინოს. ქართული სამზარეულოს მარგალიტები, რომლებიც ღვინითაა დამზადებული, ასევე ჩვენი განმასხვავებელი ნიშანია“.
ჰოდა, რამდენჯერმე კი შემოგვთავაზა მენეჯერმა, ღვინოს რას დააყოლებთო, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ღვინით შემოვიფარგლეთ. სხვა დროს, დარწმუნებული ვარ, კოტეს გზის გადაღობვა არ დაგვჭირდება და საკუთარი სურვილით შემოვალთ. მით უმეტეს, რომ მენიუს დათვალიერებისას, არ აღმოჩნდა ისეთი ძვირი რესტორანი, როგორც მეგონა ან გარედან ჩანდა. ყოველ შემთხვევაში, თბილისურ რესტორნებში ყოველდღიური ხინკალ-ქაბაბის ფასად, აქ მართლა ისეთი კერძი შეიძლება დააგემოვნო, მენიუში დაბეჭდილი სურათითაც რომ მადას აღგიძრავს. ერთი ხანობა ვინატრე, რატომ არა ვარ სარესტორნო კრიტიკოსი, „მიშლინისთვის“ თუ არა, იქნებ სხვა რამ სპეციალური გამოცემისთვის რამე დამეწერა ამ „20 ნაბიჯზე“. თუმცა ვწერ, აბა რას ვაკეთებ! ისე, იქნებ არც მიშლინის და მისი ვარსკვლავები იყოს შორს! მით უმეტეს, რომ კოტე ძალიან აქებს თავის შეფს.
ჰოდა, ეს შეფიც გავიცანით – Levani Darchia. ვაჰ, რამ გამახსენა კოტეს პირველი დანახვისას ეს სისონა დარჩია! რა თქმა უნდა, ესეც გურული აღმოჩნდა. ძალიან მალე გაუგეს ერთმანეთს მეგრული გვარის მქონე ორმა გურულმა – დარჩიამ და გოგელიამ, სწორედ ამ თავიანთი გურულობის ნიადაგზე. ახალი მოსული იყო ლევანი რესტორანში. გამოეწყვე, სურათი უნდა გადაგიღოთ-მეთქი. ჰოდა რესტორნის შეფს თავის შეფთან გადავუღე სურათი. მერე მათი, უკვე ჩემად ქცეული მენიუ გავუწოდე. მე ხომ მე არ ვიქნებოდი, რომ კოტესთვის მენიუ არ მეთხოვა ჩემი კოლექციისათვის. კოტეს ხელმოწერა მენიუს უკვე ჰქონდა. გავუწოდე ლევანს და შენს საყვარელ კერძის ფოტოზე დატოვე ავტოგრაფი-მეთქი. მეგონა, ყველაზე ფერადოვანს ან ყველაზე ჩახუჭუჭებულ ან ყველაზე ძვირფასს აარჩევდა. არაფერიც! „ქართული სალათი“ ამოარჩია, სულ რაღაც 16-ლარიანი, სხვებთან შედარებით თითქოს ჩვეულებრივი. ეს მიყვარს ყველაზე ძალიანო.
ჰოდა, შენი კერძები ამჯერად არ გამისინჯავს, ჩემო ლევან, შენს შეფსა და ქართველ რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტს სიტყვაზე ვენდე, მაგრამ ჩემი ამ მართლა „სამიშლინო“ ოპუსის მერე, ვიცი, „20 ნაბიჯს“ კლიენტები გაუმრავლდება და შენ იცი, როგორ ასახელებ… არჩილ გოგელიას და სისონა დარჩიას!
ჰოდა, შეფის შეფს კი ეჩქარებოდა, წინასწარ შეთანხმებულ შეხვედრაზე აგვიანდებოდა, მაგრამ ჩვენს გამო კიდევ შეყოვნდა, თუმცა თვითონაც ისეთი კმაყოფილი იყო თავისუფლებისაკენ ჩვენი გზის გადაკეტვით, რომ, პოეტის არ იყოს, „მერე თუნდაც დაუგვიანდეს, იგი იმისთვის აღარ დაღონდეს!“
ჰოდა, რა კარგია, რომ თბილისში ისევ არის ხალხი, ვინც თავისუფლების მიმავალ გზას თითქოს გადაგიღობავს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს გზას უფრო შეგიმციროს თუ გაგიადვილოს და თავისუფლებიდან 20-25 ნაბიჯით დაშორებულს ნამდვილი თავისუფლება მოგანიჭოს – გაგრძნობინოს პატივისცემის, მეგობრობის, თბილისელობის მადლი. შენი ღირსებაც დააფასოს და თავისიც ფიანდაზად დაგიფინოს.
ჰოდა, ჩათვალეთ, ძვირფასო მკითხველო, რომ ამჯერად მე გადაგიღობეთ გზა. ვდგავარ გაშლილი ხელებით კოტე აფხაზის ქუჩაზე და არ გაგიშვებთ-მეთქი, გეუბნებით. თუმცა ეს არ არის რეკლამა.
ჰოდა, თქვენც შეჩერდით თუნდაც რამდენიმე წუთით 20-იოდე ნაბიჯზე თავისუფლებამდე. თითო ჭიქა ღვინო მიირთვით, რომ მერე უფრო განიცადოთ თავისუფლების ფასი.
2024_09_20