leaderboard_below_slide
left_sabechdi

თბილისის ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალი წელს მესამედ იმართება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე თბილისის ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის ორგანიზატორებს და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ხელმძღვანელებს საკრებულოში შეხვდნენ.

ფესტივალი  თბილისის მერიის დაფინანსებით და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალი  მიზნად ისახავს თბილისის ბავშვთა ფოლკლორული გუნდების (კერძო და არასახელმწიფო დაფინანსების მქონე) მოტივაციის გაზრდას, გააქტიურებას და მათ ხელშეწყობას. თბილისის ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები მაია მიქაბერიძე და დავით ცინცაძე არიან.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა ხელოვნების მხარდაჭერა და ყველა იმ ადამიანის პატივისცემა, რომელთა ღვაწლიც განსაკუთრებულია ქართული კულტურის  განვითარებაში.

გიორგი ტყემალაძემ და კახა ლაბუჩიძემ ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის ორგანიზატორებს წარმატება უსურვეს და სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს მათ საკრებულოს კომპეტენციის ფარგლებში.

ფესტივალის ორგანიზატორებმა საკრებულოს თავმჯდომარეს და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდეს ფესტივალის გეგმებზე, დაწესებულ ნომინაციებსა და ჟიურის შემადგენლობაზე. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სპეციალურად ფესტივალისთვის აქტიურად იმუშავებს სოციალური პლატფორმები. პროექტი ჩაიწერება აუდიო-ვიდეომატარებლებზე და იქნება პირდაპირი ეთერები სოციალური ქსელების მეშვეობით.

ფესტივალის ფარგლებში გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან: საუკეთესო გუნდი, სოლისტი, ლოტბარი, დუეტი, აღდგენილი სიმღერა, საუკეთესო ტრიო, ავთენტიკურობის ნიშნით გამორჩეული გუნდი, მგალობელთა გუნდი და ქალაქური ფოლკლორის შემსრულებელი ანსამბლი.

კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ფესტივალის მასშტაბი ყოველწლიურად მზარდია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა.

„ახალგაზრდა თაობას უდიდესი წვლილი შეაქვს ქართული ხალხური სიმღერის, საგალობლების პოპულარიზაციასა და ჩვენი კულტურული ტრადიციების შენარჩუნებაში. სწორედ ამიტომ, დედაქალაქის საკრებულო და მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს საქმეს, რომელიც მომავალი თაობის აღზრდას და კულტურის  პოპულარიზაციას ემსახურება“, –  განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

2024 წელს თბილისის ბავშვთა ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობენ ანსამბლები: „შოდა“, საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ანსამბლი „მარულა“, „იბერია“, რევაზ შანიძის ქართული ტრადიციული მუსიკის სტუდია, ანსამბლი „ფშავრობი“, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „ერქვანი“, ანსამბლი „მეიდანი“, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიასთან არსებულ კულტურულ ცენტრ „ჰაიარტუნის“ მედუდუკეთა ანსამბლი, ანსამბლი „იაკამი“ და მეექვსე საავტორო სკოლის ანსამბლი.

 

ასევე იხილეთ