leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარიამ ქვრივიშვილი: როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვიხედებით წინ, თუ რა ამბიციები გვაქვს, ზრდის რა დინამიკა გვაქვს – მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანას ექნება ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანის ტერიტორიაზე

“პირველ რიგში, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიხედებით წინ და სწორედ აქედან გამომდინარე, თუ რა ამბიციები გვაქვს, თუ რა ზრდის დინამიკა გვაქვს, ჩვენ ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანას ექნება ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანის ტერიტორიაზე, რომელიც იქნება გათვლილი 20 მილიონიან მგზავრთნაკადზე”, – განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ეს აეროპორტი იქნება არა მხოლოდ მორიგი წარმატებული პროექტი, ეს იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, ლამაზი, ოპერირებადი, ფუნქციური აეროპორტი, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ჩვენი ქვეყნის ტრანზიტულ-ლოჯისტიკური ჰაბის პოზიციას.

„რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე გვაქვს დაწყებული სამუშაოები იმისთვის, რომ დავიწყოთ სწორედ დაგეგმარება და შემდგომში, ცხადია მშენებლობის პროცესი ახალი აეროპორტის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თბილისისა და ბათუმის აეროპორტის ოპერატორთან იმისთვის, რომ გაზრდილ მგზავრთნაკადს ღირსეულად დახვდეს და უმასპინძლოს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა.

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, მოგახსენებთ, რომ აღნიშნული აეროპორტი მართულია სახელმწიფოს მიერ, აეროპორტების გაერთიანების მიერ. ჩვენ გვაქვს ძალიან მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც ავაშენებთ ახალ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს, მოვახდენთ რეაბილიტაციას სრულიად აეროპორტის საფრენოსნო არეალის იმისთვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა, მათ შორის, შეძლოს და მიიღოს კიდევ უფრო მეტად გაზრდილი მგზავრთნაკადი“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ასევე იხილეთ