თენგიზ შარმანაშვილი ადეიშვილზე: გასაკვირი და გულდასაწყვეტია, რომ მეგობარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მიიწვიეს ისეთი პირი, რომელიც სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი

„აუცილებლად შედგება გერმანიასთან, როგორც მეგობარ ქვეყანასთან კომუნიკაცია და ქართული სახელმწიფო შეეცდება, რომ ასეთი ბზარი ორი ქვეყნის ურთიერთობაში აღარ განმეორდეს“, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, მსჯავრდებული და ბრალდებული, ყოფილი გენერალური პროკურორი – ზურაბ ადეიშვილი 24 თებერვალს გერმანიაში, ბუნდესტაგში იმყოფებოდა.
„ის მხოლოდ ბრალდებული არ არის, ის მსჯავრდებულიც არის, ასე რომ გასაკვირი და გულდასაწყვეტია, რომ მეგობარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში აღმოჩნდა ისეთი პირი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მეგობრად თვლის და მიიწვიეს ისეთი პირი, რომელიც სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დამნაშავედ არის ცნობილი, მასზე საქართველოს მიერ ძებნა არის გამოცხადებული და მისი დაკავებისთანავე მოხდება ამ განაჩენის აღსრულება. აუცილებლად შედგება გერმანიასთან, როგორც მეგობარ ქვეყანასთან კომუნიკაცია და ქართული სახელმწიფო შეეცდება, რომ ასეთი ბზარი ორი ქვეყნის ურთიერთობაში აღარ განმეორდეს და ამას ორივე მხრიდან მიეცემა შესაბამისი შეფასება. მე დარწმუნებული ვარ, რომ გერმანია არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, ეს არის ისეთი გაუგებრობა, რომლის აღმოფხვრაც შესაძლებელია“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.