left_sabechdi

NYT: ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მუსლიმური ქალაქ-სახელმწიფოს შექმნა იგეგმება

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ვატიკანის მსგავსი ჯუჯა სახელმწიფოს შექმნა იგეგმება, რომელიც ზომიერი მუსლიმი ბექთაშის თემისთვის იქნება განკუთვნილი. ამის შესახებ The New York Times ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ედი რამასა და ბექთაშის სუფიური ორდენის რელიგიურ ლიდერ ედმონდ ბრაჰიმეის განცხადებებზე დაყრდნობით იუწყება.

ვარაუდობენ, რომ მომავალი ქალაქ-სახელმწიფოს ტერიტორიაზე ალკოჰოლის მოხმარება ნებადართული იქნება, ქალებს კი თავსაბურავის ტარება არ მოეთხოვებათ და მიეცემათ უფლება, ატარონ ის, რაც სურთ. ამასთან, არ იქნება განსაზღვრული ცხოვრების წესი.

„ღმერთი არ კრძალავს არაფერს. სწორედ ამიტომ მოგვცა გონება“, – განაცხადა ედმონდ ბრაჰიმეიმ NYT-სთან ინტერვიუში.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ, თავის მხრივ, გამოცემას განუცხადა, რომ ახალი სახელმწიფო ერთეულის – „ბექთაშის ორდერის სუვერენული სახელმწიფოს“ –  შექმნის გეგმებზე უახლოეს მომავალში ისაუბრებს.

საუბარია 27 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე, რომელსაც საკუთარი ადმინისტრაცია, პასპორტები და საზღვრები ექნება.

როგორც რამამ გაზეთს განუცხადა, ახალი სახელმწიფოს შექმნის მიზანი ისლამის ტოლერანტული ვერსიის პოპულარიზაცია იქნება, რომლითაც ალბანეთი ამაყობს.

„ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ საგანძურს – რელიგიურ შემწყნარებლობას”, – ხაზგასმით აღნიშნა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ედი რამა დარწმუნებულია, რომ ზომიერი ისლამური მიკროსახელმწიფოს შექმნა მესიჯს გაგზავნის: „ნუ დაუშვებთ, რომ მუსლიმებზე გავრცელებულმა სტერეოტიპებმა განსაზღვროს, თუ ვინ არიან მუსლიმები“. 

გერმანული ჰუმანიტარული პროექტის, Renovabis-ის ინფორმაციით, ალბანეთის მოსახლეობის მხოლოდ 2,1% ეკუთვნის ბექთაშის შიიტურ სუფიურ ორდენს. ამრიგად, ამ მოძრაობის მხარდამჭერები წარმოადგენენ უმცირესობას ტრადიციულ ისლამის მომხრეთა შორის, რომელთა წილი ქვეყანაში 57%-ს აღწევს.

ასევე იხილეთ