თორნიკე რიჟვაძე: 2012 წელს აჭარის ბიუჯეტი შეადგენდა 147 მილიონ ლარზე ცოტა მეტს, მომდევნო წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ მილიარდიან ნიშნულს მიაღწიოს
„შეუფერხებლად მიმდინარეობს გზების მშენებლობა, აქტიურ ფაზაშია ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ დაგვრჩეს არც ერთი დასახლებული პუნქტი. არა მხოლოდ ქალაქებში, არამედ სოფლებშიც უნდა იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.
„გონიოს და მახოს ხიდების დამაკავშირებელი შემოვლითი გზის ფარგლებში დაახლოებით ნახევარი საათით მცირდება გადაადგილების დრო. ამ პროექტზე სრულად დაიხარჯა დაახლოებით ათ მილიონამდე ლარი, თუმცა ბოლო ფაზა იყო ექვს მილიონ ლარზე მეტი. განხორციელდა ორ კილომეტრზე მეტი ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა.
ასევე უნდა ვისაუბროთ ოცნების ქალაქზე, ეს არის უკვე ახდენილი ოცნებების ქალაქი. ექვსი წლის წინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ ყველაზე დიდი სოციალური გამოწვევის მოგვარება იქნებოდა ჩვენი მთავრობისთვის ღირსების საკითხი. ამ დაპირების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია.
ქვეყანაში არსებული უწყვეტი მშვიდობის და სტაბილურობის ფონზე აჭარის ეკონომიკა მოწინავეა. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი დოვლათი იქნება ჩვენი მაცხოვრებლებისთვის. შედარებისთვის 2012 წელს აჭარის ბიუჯეტი შეადგენდა 147 მილიონ ლარზე ცოტა მეტს, მომდევნო წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ მილიარდიან ნიშნულს მიაღწიოს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ნორმები, რომელიც დაწესებულია ამ მშენებლობებთან დაკავშირებით, ითვალისწინებს დენდროლოგიურ და სარეკრეაციო კომპონენტს, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევარბილოთ მშენებლობებით გამოწვეული ზეგავლენა ბუნებაზე“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.