გიორგი ცუცქირიძე: ოპოზიცია რომ შემჩნეულია პოპულიზმში, ახალი ამბავი არ არის, ბატონი ვაშაძე სულაც პოპულისტ პოლიტიკოსთა რეიტინგის სათავეშია, წინასაარჩევნოდ ფასებზე დაიწყო მანიპულირება
„ქართული ოპოზიცია რომ სხვა უამრავ „სიკეთესთან“ ერთად შემჩნეულია პოპულიზმში ახალი ამბავი არ არის. პოპულიზმით გატაცება ერთგვარი საფირმო ნიშანიც კი არის. ამ მხრივ ბატონი ვაშაძე ჩემი შეფასებით, სულაც პოპულისტ პოლიტიკოსთა რეიტინგ ლისტის სათავეშია“, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გიორგი ვაშაძემ წინასაარჩევნოდ ფასებით დაიწყო მანიპულირება, თითქოს, თბილისში არსებულმა ფასებმა, მსოფლიო ფასებსაც გადაუსწრო.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, მისთვის უცნობია, ვაშაძე რა რეიტინგებს ეყრდნობა, თუმცა, გათვლა ამომრჩევლებთან წინასაარჩევნოდ ქულების ჩაწერაა.
„ქართული ოპოზიცია რომ სხვა უამრავ “სიკეთესთან” ერთად შემჩნეულია პოპულიზმში ახალი ამბავი არ არის. პოპულიზმით გატაცება ერთგვარი საფირმო ნიშანიც კი არის. ამ მხრივ ბატონი ვაშაძე ჩემი შეფასებით, სულაც პოპულისტ პოლიტიკოსთა რეიტინგ ლისტის სათავეშია.
როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ ახლა ფასებზე დაიწყო მანიპულირება, თითქოსდა თბილისში ფასებმა მსოფლიო ფასებსაც კი გადაუსწრო… ბუნებრივია, ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მმართველობისას ხდება. გათვლაც ამომრჩეველზეა გაკეთებული, რადგან სიძვირე ადამიანთა განწყობებზე ნამდვილად მოქმედებს, მით უმეტეს ქულების ჩასაწერად წინასაარჩევნოდაც გამოდგება…
არ ვიცი, თავად რომელ სტატისტიკას ეყრდნობა, მაგრამ საერთაშორისო კვლევებით, კერძოდ, Economist Intelligence Unit-ის (EIU) 2023 წლის ცხოვრების ხარჯების მსოფლიო ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქები მსოფლიოში სინგაპური და ციურიხი იყო, მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა ნიუ-იორკმა, რომელიც 2022 წელს სინგაპურთან პირველ ადგილს ინაწილებდა. WCOL ინდექსი(worldwide cost of living), რომელიც ეყრდნობა ფასების ადგილობრივი ვალუტის აშშ დოლარად კონვერტაციის პრინციპს, ასახავს ციურიხში ცხოვრების გაძვირებას, რაც გავლენას ახდენს შვეიცარიული ფრანკის სიძლიერეზე და სასურსათო პროდუქტებზე, საყოფაცხოვრებო საქონელსა და დასვენებაზე გაზრდილ ფასებზე. მეორე მხრივ, სინგაპური გამოირჩევა ტრანსპორტისა და ტანსაცმლის განსაკუთრებით მაღალი ხარჯებით. მესამე პოზიციაზე შვეიცარიის კიდევ ერთი ქალაქი ჟენევაა, მეხუთე ადგილზე ჰონგ კონგი და მეექვსეზე ლოს-ანჯელესი (აშშ).
ამ წლის საუკეთესო ათეულში შედის აზიის ორი ქალაქი (სინგაპური და ჰონგ კონგი), ევროპის ოთხი ქალაქი (ციურიხი, ჟენევა, პარიზი და კოპენჰაგენი), აშშ-ს სამი ქალაქი (ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და სან-ფრანცისკო) და თელ-ავივი ისრაელი. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული გამოკითხვა ჩატარდა ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებამდე, რამაც გავლენა მოახდინა ვალუტის კურსებზე და პოტენციურად იმოქმედა თელ-ავივში საქონლის ხელმისაწვდომობასა და ფასებზე.
მართალია, წლევანდელ კვლევაში გარკვეული ცვლილებები შეიძლება მიეკუთვნებოდეს აშშ დოლარის ოდნავ შესუსტებას გარკვეულ ვალუტებთან მიმართებაში. ამასთან, რეიტინგებზე ასევე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მომხმარებელთა მოთხოვნა, კონკურენცია და საქონლის ხელმისაწვდომობა, იქნება ეს იმპორტირებული თუ ადგილობრივად წარმოებული.
ამასთან Numbeo-ს მიხედვით, რომელიც არის მსოფლიოში როგორც ცხოვრების სიძვირის, ასევე ცხოვრების ხარისხის შესახებ ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა( საცხოვრებლის ფასები, დანაშაულის დონე, ჯანდაცვის ხარისხი, ტრანსპორტის ხარისხი და სხვა სტატისტიკა) თბილისი არა თუ მსოფლიოს ყველაზე ძვირ ქალაქებში არ შედის, არამედ მსოფლიოს 370 ქალაქის მიხედვით 255 ადგილზეა! იხ. https://www.numbeo.com/cost-of-living/
ისე კი საინტერესოა პერიოდულად რასაც ამბობენ თავად თუ სჯერათ ან ამდენი ტყუილი როგორ არ მობეზრდათ, მათი მინავლებული რეიტინგები ყველაზე კარგად ასახავს მათივე პოლიტ-მარკეტინგის წამგებიან ხასიათს“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.