leaderboard_below_slide
left_sabechdi

შარლ მიშელი ირანის პრეზიდენტს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ნიუ იორკში ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშკიანს შეხვდა. ამის შესახებ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, მან ირანის პრეზიდენტთან შეშფოთება გამოთქვა რამდენიმე საკითხზე, რომელთა შორისაც არის რუსეთისთვის იარაღის მიწოდება.

მიშელი წერს, რომ საუბარი ასევე შეეხო შუამავლების მიერ რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობას, ევროკავშირის დაკავებულ მოქალაქეებს, ბირთვულ პროგრამასა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას.

ასევე მან ხაზი გაუსვა ურთიერთქმედებისა და დიალოგის მნიშვნელობას ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

როგორც „ვოლ სთრით ჯორნალის“ ჟურნალისტი წერს, ანონიმურმა წყარომ უთხრა, რომ საუბრისას მიშელმა ფეზეშკიანს განუცხადა, რომ ევროკავშირსა და ირანს შორის ურთიერთობები დაბალ დონეზეა.

საინტერესოა ისიც, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, ხელახლა ჩაერთონ ბირთვულ დიპლომატიაში ირანთან.

რაც შეეხება ფეზეშკიანს, ის უარყოფდა ირანის მხრიდან რუსეთისთვის რაკეტების გადაცემასა და ბირთვული იარაღის შექმნას. ირანის პრეზიდენტმა შეხვედრისას ასევე დაადანაშაულა ისრაელი რეგიონში ესკალაციის მცდელობაში.

ასევე იხილეთ