აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო მიტინგზე პენსილვანიაში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატების“ გამარჯვება სურს.
„მგონია, რომ ზელენსკი ისტორიაში საუკეთესო გამყიდველია. აქ ყოველი ჩამოსვლის დროს ის უკან 60 მილიარდი დოლარით ბრუნდება. მას ისე ძლიერ სურს, რომ მათ („დემოკრატებმა“) გაიმარჯვონ, მაგრამ მე სხვაგვარად მოვიქცევი. მე მშვიდობის მიღწევაზე ვიმუშავებ“, – განაცხადა ტრამპმა.
ზელენსკის ადმინისტრაციას და „დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენლებს ტრამპის ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, ხოლო თავად ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 5 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაურეკავს და მათ შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს.