“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრება გაეროს უმაღლესი დონის დებატებს, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რაც ყოველთვის არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა იმისთვის, რომ გავაჟღეროთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ასევე, ჰქონდა შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან, რომელმაც ცალსახად გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს ჰქონდა გამოსვლა მომავლის სამიტის ფარგლებში. ამ სამიტის ინიციირება მოხდა გენერალური მდივნის მიერ. ეს სამიტი ემსახურება მთავარ მიზანს, რომ კიდევ უფრო მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინაცია იმისთვის, რომ ვიცხოვროთ უკეთეს და მშვიდობიან სამყაროში.
ასევე, დღეს გაგრძელდა პრემიერის სამუშაო დღე. შემდგომი ფორმატი იყო მისი შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან. გაეროს გენერალური მდივანი ყოველთვის ცალსახად გამოხატავს, რომ გაერო არის ძალიან ძლიერი მხარდამჭერი იმ გამოწვევების მიმართულებით, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. პირველ რიგში, ტერიტორიული მთლიანობა და მიმდინარე ოკუპაცია. გაეროს გენერალური მდივანი ყოველთვის გამოხატავს მის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან თანმიმდევრულად ახორციელებს იმ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და მისი მხრიდანაც ყოველთვის არის გამოხატული მხარდაჭერა ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.