დავით კოდუა მოქალაქეებს: მადლობა, რომ ჩვენს გუნდში ხედავთ ძალას, რომელსაც ამ ქვეყნის წინსვლა შეუძლია
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა დღეს ორსანტიასა და ახალკახათში მოსახლეობას შეხვდა. დავით კოდუამ მოქალაქეებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება” არის მშვიდობისა და განვითარების გარანტი.
დელეგატობის კანდიდატის განცხადებით, „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ორსანტიაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
„დღეს მოქალაქეებთან შეხვედრები ორსანტიასა და ახალკახათში გავმართეთ. ამ სოფლებში ძალიან შრომისმოყვარე და ერთგული ხალხი ცხოვრობს, მადლობა თითოეულს გამოხატული უდიდესი მხარდაჭერისთვის – მადლობა, რომ ჩვენს გუნდში ხედავთ ძალას, რომელსაც ამ ქვეყნის წინსვლა შეუძლია, „ქართული ოცნება“ გარანტია მშვიდობისა და განვითარების!
ორსანტიაში განვახორციელეთ ცენტრალური და შიდა გზების რეაბილიტაცია, ავაშენეთ იუსტიციის სახლი, მოვახდინეთ სოფლის სრული გაზიფიცირება, მოვაწყვეთ მოსაცდელები, გარე განათების სისტემები, ჩავატარეთ ნაპირგამაგრებითი სამუშაოები, ავაშენეთ ხიდი პატარა ენგურზე, მოვაწყვეთ ხიდბოგირები, სანიაღვრე არხები, დუტუ მეგრელის ქუჩაზე რეაბილიტაცია ჩავუტარეთ წყალმომარაგების ქსელს, მოვაწყვეთ ჭაბურღილები, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩავატარეთ საბავშვო ბაღში, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ამბულატორიის შენობას, მოქალაქეები სარგებლობენ ღია სავარჯიშო ტრენაჟორების სივრცით, ხუთ მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ ოჯახს ავუშენეთ ახალი სახლები. ვიწყებთ ქვემო ორსანტიაში საავტომობილო გზის მშენებლობას, რომლის სიგრძეც 5 კილომეტრამდეა.
რა თქმა უნდა, არის საჭიროებები: გვაქვს უბნები, სადაც შიდა გზები მოსაწყობია, ასევე მოსაწყობია სანიაღვრე არხები და ხიდბოგირების ნაწილი, რასაც წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით განვახორციელებთ”.
დელეგატობის კანდიდატი ახალკახათში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შესახებ წერს: „ახალკახათში მოვახდინეთ სოფლის სრული გაზიფიცირება, ცენტრალური საავტომობილო გზის, ეზოებში შესასვლელების და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია, მოვაწესრიგეთ შიდა გზების ნაწილი, ახალი გზა ავაშენეთ კოკი-ახალკახათის და ახალკახათი-პროფსასწავლებლის მიმართულებებით, სოფლის ცენტრში მოეწყო სკვერი, აშენდა ახალი საბავშვო ბაღი. საცხოვრებელი სახლი ავუშენეთ ხუთ მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახს.
ვიცით ახალკახათში არსებული პრობლემები, საჭიროა აბსანძეებისა და ვეკუას ქუჩაზე ხიდბოგირის მოწყობა, შიდა გზების ნაწილის მოწესრიგება, ქუჩების ნაწილზე გარე განათებების სისტემის მოწყობა. არსებული საჭიროებების მოგვარება წინასწარ დაგეგმილი გრაფიკითა და მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციით მოხდება” – წერს დავით კოდუა.