პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე შეერთებულ შტატებში ზურაბ ადეიშვილის ოფიციალურ შეხვედრები და სხდომებში მონაწილეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის დემარში და იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის შეურაცხყოფა არის ამოცანა და მიზანი.
„როდესაც ვამბობთ, რომ სისხლიანი რეჟიმი იყო, ჯალათი იყო და ა.შ. ამის ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი იყო საქართველოს პროკურატურა, რომელმაც ზუსტად იცოდა, ვინ უნდა ეწამებინა, ვისთვის რა უნდა წაერთვა, ვინ ციხეში ჩაესვა, ვინ დაემცირებინა და ღირსება აეყარა. ერთი პერიოდი იყო ფორმატებში წარმოდგენილი გარკვეულ დონეზე, მაგრამ შემდეგ გაიყვანეს ამ საერთაშორისო ურთიერთობების ფორმატიდან და ახლა უკან დააბრუნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის დემარში და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის შეურაცხყოფა არის ამოცანა და მიზანი“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ზურაბ ადეიშვილი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის დელეგაციაშია, გაეროში ოფიციალურ შეხვედრებსა და სესიებში იღებს მონაწილეობას.