leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი: სამარცხვინო ფაქტი მოხდა, გააგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ თქვეს, რომ გაუქმებულია – ეს ძალები დაინტერესებულები არიან იმით, რომ რამენაირად გაუზარდონ რეიტინგი ოპოზიციას, რომელსაც პულსიც არ ესინჯება

“სამარცხვინო ფაქტი მოხდა. ვცდილობ ხოლმე ასეთი სიტყვები არ გამოვიყენო, მითუმეტეს როდესაც საქმე სტრატეგიულ პარტნიორობას ეხება, მაგრამ ეს იყო სამარცხვინო”, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმების საკითხზე კომენტირებისას.

როგორც მან „დღის ქრონიკასთან“ აღნიშნა, ასეთი დამოკიდებულება სტრატეგიული პარტნიორისგან მიუღებელია.

„გააგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ თქვეს, რომ გაუქმებულია. არიან გარკვეული ძალები, რომლებიც სამწუხაროდ ძალიან დიდ გავლენას ფლობენ ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაზე და ეს ძალები დაინტერესებულები არიან იმით, რომ რამენაირად გაუზარდონ რეიტინგი ოპოზიციას, რომელსაც პულსიც არ ესინჯება. ეს ყველაფერი კონტრპროდუქტიულია, რადგან ეტყობა, ქართველი ხალხი კარგად ვერ გაიცნეს და ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ტიპის დამოკიდებულება, როდესაც ჩვენი ხალხი გრძნობს, რომ რაღაც უსამართლობას აქვს ადგილი. როდესაც ასეთ მდაბიო საქციელს ხედავს მოსახლეობა, ამით კიდევ უფრო იზრდება ჩვენი მხარდაჭერა. რაც შეეხება გადატვირთვას, ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ ამის მზადყოფნა არის, თუმცა მათი მხრიდან ისეთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ ამის წინაპირობა შეიქმნას. როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, ყველამ ვიცით, რომ ეს გადატვირთვა ავტომატურად მოხდება, მთელს მსოფლიოში ურთიერთობები სხვანაირად გადაიტვირთება, თუმცა ჩვენ გვსურს, რომ ეს მოხდეს მანამ, სანამ უკრაინაში ეს ტრაგედია დასრულდება. ამასობაში, მოვა 26 ოქტომბერი, ის გარე ძალები, რომლებიც ქვეყანაში აგენტების მოყვანით არიან დაინტერესებულები, მიხვდებიან რომ მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერა გვაქვს და უნდა დასხდნენ და ჩვენთან ისაუბრონ.

მშვიდობის გარანტორი რომ ამ ქვეყანაში „ქართული ოცნებაა“, ეს ჩვენმა მოსახლეობამ ძალიან კარგად დაინახა. მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა და წნეხისა, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, არანაირ პროვოკაციას არ ავყევით. ჩვენი მოსახლეობა თავს მშვიდად გრძნობს და იცის, რომ როდესაც ასეთი დაძაბული ვითარებაა მსოფლიოში, მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ ის ხელისუფლება, რომლის პირობებშიც შესაძლებელია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ ქვეყანას ღირსება შევუნარჩუნეთ და ამას ჩვენი მოსახლეობა გრძნობს. რა თქმა უნდა არის რაღაცა ტიპის რჩევა თუ თხოვნა. რომელსაც ყოველთვის გავითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორებისგან, მაგრამ როდესაც რაღაც რჩევა ან მითითება ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ ამას არასდროს გავითვალისწინებთ. ამასაც კარგად ხედავს ჩვენი მოსახლეობა და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენ გვექნება ძალიან მაღალი მხარდაჭერა, რაც 26 ოქტომბერს გამოჩნდება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ასევე იხილეთ