გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა, ქართველი ფეხბურთელი მოედანს ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და „უოტფორდი“-„სუონსის“ მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ინგლისის ჩემპიონშიპის 36-ე ტურის შეხვედრაში ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი 43-ე წუთზე შევიდა – ამ დროს „უოტფორდი“ 0:1 აგებდა, ბურთი საკუთარ კარში რაიან ენდრიუსმა გაიტანა.
„უოტფორდმა“ წონასწორობა მეორე ტაიმში აღადგინა – 57-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემით გოლი უესლი ჰოედტმა გაიტანა და, როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გიორგი ჩაკვეტაძემ კი 8,0 ქულა მიიღო, რაც ჰოედტის (8.2) შემდეგ ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.
„უოტფორდმა“ 36 ტურის შემდეგ 45 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზეა. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალერიენ ისმაელი, შესაძლოა, თანამდებობიდან გაათავისუფლონ, რადგან „უოტფორდმა“ ბოლო ცხრა მატჩში მხოლოდ ექვსი ქულა მოიპოვა.