გივი მიქანაძე: გვსურს, საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გავხადოთ, თუ რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან უშუალოდ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან და რომელი – ვითომ ნეიტრალურის სტატუსის მქონე
“გვსურს, საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გავხადოთ, თუ რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან უშუალოდ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან და რომელი – ვითომ ნეიტრალურის სტატუსის მქონე”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„დღეს საზოგადოებას წარვუდგენთ ინფორმაციას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ 25 სექტემბრის მდგომარეობით, სადაც გვსურს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გავხადოთ, თუ რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან უშუალოდ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან და რომელი – ვითომ ნეიტრალურის სტატუსის მქონე, თუმცა მოქმედებს მმართველი გუნდის საწინააღმდეგოდ.
ინფორმაციისთვის, 27 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრაცია გაიარა 49 ადგილობრივმა ორგანიზაციამ. მათგან 19 ორგანიზაცია, ანუ საერთო ჯამის 39%, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევით, გამოვლინდა, რომ არის პირდაპირ დაკავშირებული ისეთ ოპოზიციურ პარტიებთან, როგორიც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, ხოლო 7 მათგანი (ანუ, ეს არის 14%) არის ვითომ ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლებიც რეალურად ოპოზიციის სასარგებლო საქმიანობას ეწევიან, რაც გამოიხატება მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაციასა და თავიანთ ანგარიშებში მმართველი გუნდის წინააღმდეგ წინასაარჩევნო დარღვევების ასახვის იგნორირებაში. საერთო ჯამში, 25 სექტემბრის მდგომარეობით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული, ანუ საერთო ჯამის 53%.
პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირების დასადგენად, კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებულ იქნა რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა დამფუძნებლების, გამგეობისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლების საჯარო კავშირები პოლიტიკურ სუბიექტებთან, გამოხატული პოლიტიკური სუბიექტის წევრობით და/ან მათ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებებითა და გაწეული შემოწირულობებით. რაც შეეხება მიკერძოებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათი იდენტიფიცირება განხორციელდა მათ მიერ საჯარო სივრცეში მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პროპაგანდითა და/ან მათ მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშებში მმართველი გუნდის მიერ საჯაროდ არაერთხელ გაცხადებული ათეულობით წინასაარჩევნო დარღვევის ასახვისგან თავის შეკავებით.
ლუსტრაციის მიზნით წარმოგიდგენთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული რამდენიმე მიკერძოებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის შესახებ:
1. დავიწყოთ ორგანიზაციით „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“- ცესკოში საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“ დაფუძნებულია პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის თენგიზ თევზაძის მიერ, რომელიც იცით, რომ გუშინ წარდგენილ სიაში არის ნომერი 5, როგორც მახსოვს და ცესკოში „ლელოს“ წევრის – გიორგი სიორიძის მიერ. ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრია მეგი კობახიძე, რომელიც არის ცესკოში „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ წევრის, ანა კობახიძის და და რომელსაც სტრატეგია აღმაშენებლის სასარგებლოდ უფიქსირდება 2998 ლარის შემოწირულობა. თენგიზ თევზაძეს უფიქსირდება პოლიტიკური პარტია „ახალის“ სასარგებლოდ 10 000 ლარის შეწირვა, ხოლო გიორგი სიორიძეს შესაბამისად პარტია „ლელოსთვის“ 3680 ლარის შემოწირულობა. უფრო მეტიც, ეს ორგანიზაცია „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“ დაფუძნებულია ცესკოში „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ წევრის, ანა კობახიძის იურიდიულ მისამართზე. აღსანიშნავია, რომ „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფისა“ და ორგანიზაცია „12 სართული ევროკავშირისთვის“ მიერ დაორგანიზებულია პლატფორმა „ხმის გუშაგი“, რომელსაც გაცხადებული აქვს არჩევნებზე ნეიტრალური დაკვირვების განხორციელება; თუმცა, როდესაც იკვეთება კრებსით ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული პირების ინტერესი, აქ ნეიტრალიტეტზე საუბარი სრულიად უადგილოა.
2. შემდეგი ორგანიზაცია, რომელიც ე.წ. ნეიტრალურ დამკვირვებლად დარეგისტრირდა ცესკოში არის „საქართველოს მომავლის აკადემია“. მისი დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა ალექსანდრე ზიბზიბაძე, რომელიც პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია და „ფრანკლინის კლუბის“ დამფუძნებელიც. ალექსანდრე ზიბზიბაძე იმავდროულად ორგანიზაცია „საარჩევნო ლაბორატორიას“ დირექტორიცაა, რომელიც ასევე დარეგისტრირდა არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით. ორივე ხსენებულ ორგანიზაციაში მმართველი საბჭოს წევრია მარია დარჩიევი, რომლის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ორგანიზაცია „მიშგოვ ლარდა“ ასევე დარეგისტრირდა დამკვირვებელ ორგანიზაციად ცესკოში. სამივე ეს ორგანიზაცია იმყოფება კოალიციაში ნინო ლომჯარიასთან და ეკა გიგაურთან სადამკვირვებლო მისიაში „ჩემი ხმა“.
3. „განათლების პროფესიული კავშირი“ ის მორიგი ე.წ. ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც ცესკოში დარეგისტრირდა. აღნიშნული ორგანიზაცია შედგება ცესკოს ყოფილი თანამშრომლებისგან და მას ხელმძღვანელობს აკაკი ხუსკივაძე. ეს უკანასკნელი საზოგადოებას ახსოვს წინა არჩევნებში ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებით, ოპოზიციის სასარგებლოდ. ამავდროულად, აკაკი ხუსკივაძე არის „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი, მას შეწირული აქვს 10000 ლარი. აკაკი ხუსკივაძე ამავდროულად გაერთიანდა ახლადშექმნილ ორგანიზაციაში „დაიცავი არჩევნები“ ისეთ ოდიოზურ ფიგურებთან ერთად, როგორიც ცესკოს ყოფილი თავმჯდომარეები ლევან თარხნიშვილი და ზურაბ ხარატიშვილი, ასევე ცესკოს ყოფილი თანამშრომლები – აკაკი კობალაძე და ვანო ბურდული არიან. სწორედ ეს ადამიანები ტრენინგებს უტარებენ ახალგაზრდებს, რომლებიც გაერთიანებული არიან სხვადასხვა ახლადშექმნილ პლატფორმასა და ორგანიზაციაში ოპოზიციური სუბიექტების მხარდასაჭერად.
4. ცესკო-ში ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად დარეგისტრირდა „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“, რომელსაც შმაგი ჩოხელი ხელმძღვანელობს. შმაგი ჩოხელი პირად Facebook გვერდზე გამოირჩევა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით, განსაკუთრებით აზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრ ლაშა ფარულავასა და ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის ვასილ ურუშაძის განცხადებებს. შმაგი ჩოხელმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა არაერთი საჯარო განცხადებით, სადაც ის შინაგან საქმეთა ყოფილ, ექს-მინისტრ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასაც ითხოვდა.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ნეიტრალური ორგანიზაციის სტატუსის მორგებას, სინამდვილეში კი უშუალო კავშირში არიან რადიკალური ფრთის პოლიტიკურ სუბიექტებთან. აქვე, ვერ დავტოვებთ ყურადღების მიღმა ერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომელმაც კვლევისას ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. ეს საერთაშორისო ორგანიზაცია „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქსელია“ (ENEMO), რომლის მთავარი ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ყველასთვის ცნობილი, სამართლიანი არჩევნების ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი – ელენე ნიჟარაძეა. ეს ის ადამიანია, რომლის ხელმძღვანელობის დროსაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიზანმიმართულად დამალა სწორი ინფორმაცია პარალელური დათვლის შედეგებზე და ოპოზიციას ხელოვნურად შეუქმნა საფუძველი 6 კვირის განმავლობაში ემტკიცებინა, რომ 2020 წლის არჩევნები ვითომ გაყალბდა. ENEMO-ს გუნდის წევრია ანა მიქელაძე, რომელიც ცესკოდან წავიდა საეჭვო ვითარებაში და თავი დაგვამახსოვრა მიხეილ სააკაშვილის ე.წ. „გადარჩენის“ კამპანიაში მონაწილეობით და სოფო ჯაფარიძესთან ხშირი კონტაქტით. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ENEMO-ს ბოლო წლების ყველა აქტივობაში საარჩევნო მიმართულებით ჩართული ჰყავს ნინო რიჟამაძე, როგორც მთავარი ანალიტიკოსი და საერთაშორისო დამკვირვებელი. ნინო რიჟამაძე სამართლიან არჩევნებში მუშაობდა 2011-2022 წლებში, დღეს კი ნინო ლომჯარიას „საქართველოს ევროპული ორბიტის“ წევრია. ნინო რიჟამაძე, ელენე ნიჟარაძე და ანა მიქელაძე არ ერიდებიან ქართული ოცნების საწინააღმდეგო საჯარო პროპაგანდას, რაც მარტივად მათი სოცქსელებიდან ჩანს.
აქვე წარმოგიდგენთ სრულ სიას იდენტიფიცირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობების თაობაზე.
თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, მაგალითად ბესიკ დონაძე, მე-17 ნომერი, რომელსაც „ევროპული საქართველოსთვის“ 2017-2024 წლებში თითქმის 168 000 ლარი აქვს შეწირული, ან გნებავთ გიორგი ბედინაიშვილი თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი, რომელსაც 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ 55 555 ლარი აქვს შეწირული, ხოლო 2018-2020 წლებში 47000. ან თამარ კაპანაძე „სამოქალაქო ალიანსი განვითარებისთვის“, რომელსაც პაატა ბურჭულაძის პარტიისთვის 60 000 აქვს შეწირული და ასე შემდეგ. მთელი მონაცემებია, რომელიც რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი და ეს ინფორმაცია დეტალურად გადმოგეცემათ.
დასასრულს, წარმოგიდგენთ ერთიან ცხრილს, სადაც კვლევის შედეგად მოპოვებული საჯარო წყაროებით ნათლად ჩანს ცესკოში რეგისტრირებული რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია რომელ პოლიტიკურ სუბიექტთან არის დაკავშირებული.
აშკარაა, რომ ამ ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე წარმოებული მონიტორინგი იქნება მიკერძოებული და არაფერი საერთო ექნება ობიექტურობასთან. ამიტომაც გვსურს, რომ ინფორმაცია ამ ორგანიზაციების შესახებ ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც განახორციელებენ არჩევნებზე დაკვირვებას. მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში და არ გაითვალისწინოს მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია.
დეტალური ანგარიში ყველა იდენტიფიცირებულ ორგანიზაციაზე შეგიძლიათ იხილოთ „ქართული ოცნების“ Facebook გვერდზე. ამ ანგარიშის ინგლისურენოვანი ვერსია კი ამ დღეებში დაეგზავნება ჩვენს უცხოელ პარტნიორებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.