კობა კობალაძე: დღევანდელი დღის ტკივილი დარჩეს მარტო 27 სექტემბერს, დანარჩენი იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანების და სიძლიერის თარიღები!

დღეს, სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„დღეს არის ტკივილის და გლოვის დღე. პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო იმ გმირების ოჯახის წევრებს, რომელთა სახელებიც ამ მემორიალზეა გამოსახული და მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს… იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ქვეყანა იქნება ძლიერი, თავისუფალი და ლაღი. დღევანდელი დღის ტკივილი დარჩეს მარტო 27 სექტემბერს, დანარჩენი იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანების და სიძლიერის თარიღები“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, გმირთა მოედანზე, ასევე, იმყოფებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები: მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი ვლადიმერ იმნაძე, უწყების თანამშრომლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, მოქალაქეები.

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, დღეს, 27 სექტემბერს, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილოკავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასი კი – საკუთარი სახლებიდან დევნილად იქცა.

 

ასევე იხილეთ