„უკვე 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაშორეთ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული, ჩვენი ხალხის მჩაგვრელი და უცხო ძალების მსახური დამნაშავე აგენტურა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს სამუდამოდ წარსულში დარჩა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და მთავარი ფაქტორი, რამაც ხალხს ამ ბოროტებასთან ბრძოლაში გადამწყვეტი გამარჯვების ძალა მისცა, ბიძინა ივანიშვილის თავდადების პირადი მაგალითი გახდა.
„ყველა ჩვენგანს გვახსოვს და ვიცით, რომ იმ წარმოუდგენელი ბოროტების წინააღმდეგ გამარჯვება მხოლოდ თავდადებით და უკომპრომისო ბრძოლით იყო შესაძლებელი. მაგრამ რა თქმა უნდა მთავარი ფაქტორი, რამაც თითქმის უიმედო მდგომარეობაში მყოფ ხალხს ამ ბოროტებასთან ბრძოლაში გადამწყვეტი გამარჯვების ძალა მისცა, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადების და თავგანწირვის პირადი მაგალითი გახდა. 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენი ლიდერის წინამძღოლობით სამუდამოდ წარსულში დავტოვეთ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, ხალხის ტერორი და შიში, ქართველი ხალხის ღირსების შელახვა, სიტყვისა თავისუფლებისა და მედიის ჩახშობა, მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევა, პატიმრების წამება და ახალგაზრდების ქუჩაში ჩაცხრილვა, რაც მთავარია – ომი, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა და გაჩუქება, რაც უპატიებელი ღალატია ჩვენი ერისა და ქვეყნის წინაშე!“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.