left_sabechdi

ირაკლი ღარიბაშვილი: 26 ოქტომბერს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობისთვის და ქვეყნის გადარჩენისთვის. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ჩვენი სურვილია ევროპისკენ სვლა მხოლოდ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი წესებით და ჩვენი ღირსებით

„26 ოქტომბერს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობისთვის და ქვეყნის გადარჩენისთვის! მე მჯერა, ჩვენი ხალხი ერთადერთ სწორ არჩევანს გააკეთებს და როგორც შიდა, ისე გარე მტრებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს, რომ ქართველი ერის სურვილია თავისუფლება და მშვიდობა! ქართველი ერის სურვილია ეროვნული იდენტობის დაცვა, ქართველი ერის სურვილია ტრადიციული, ოჯახის ღირებულებების, ქრისტიანული ცხოვრების წესების დაცვა! ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ჩვენი სურვილია ევროპისკენ სვლა მხოლოდ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი წესებით და ჩვენი ღირსებით!“ – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, თელავში შეკრებილ მოსახლეობას.

მანვე აღნიშნა, რომ 26 ოქტომბერს ხალხმა უნდა აირჩიოს საკუთარი მომავალი, უნდა გადაწყვიტოს სურს მშვიდობა და კეთილდღეობა საკუთარი შვილებისთვის და საკუთარი ოჯახებისთვის, თუ სურს ომი, ქაოსი და ქვეყნის განადგურება.

„26 ოქტომბერს ჩვენმა ხალხმა უნდა აირჩიოს საკუთარი მომავალი, უნდა გადაწყვიტოს სურს მშვიდობა და კეთილდღეობა საკუთარი შვილებისთვის და საკუთარი ოჯახებისთვის, თუ სურს ომი, ქაოსი და ქვეყნის განადგურება? ჩვენმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს სურს საკუთარი შვილების მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, რაც გარანტირებულად მოიტანს განვითარებას და თქვენი ოჯახების კეთილდღეობას, თქვენი შვილებისთვის ნამდვილ ევროპულ მომავალს, თუ სურს ისევ ნახოს ომი და ქაოსი, განუკითხაობა, საკუთარი შვილების და ოჯახის წევრების ომში გაგზავნა? ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესების მოღალატე ოპოზიცია – „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, მათ მიერ ხელოვნურად შექმნილი ახალი პარტიები და კოალიციები პირდაპირ ითხოვდნენ ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას, ჩვენი ხალხის გაგზავნას უკრაინაში საომრად, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, რაც დაანგრევდა ქვეყნის ეკონომიკას, ითხოვდნენ მათ მიერვე ნახსენები – მეორე ფრონტის გახსნას, ანუ ჩვენი ქვეყნის მეორე პოლიგონად გადაქცევას. დღეს ეს ბოროტება ცდილობს ხალხის მოტყუების გზით და ცრუ დაპირებებით ხელისუფლებაში დაბრუნებას, მათი მოსვლა ნიშნავს ომის დაწყებას და ქვეყნის დანგრევას. ამიტომ დღეს არჩევანი მარტივია, ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“ სტაბილური განვითარებით, კეთილდღეობით, ეკონომიკური ზრდითა და 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობით, მეორე მხარეს კი ჩვენ ვხედავთ “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობს” მთელი მისი სატელიტი პარტიებითა და კოალიციებით, აგენტურით, მედია საშუალებებითა და ენჯეოებით, საკუთარი ლობისტებითა და უცხოელი პატრონებით, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ და მზად არიან გაწირონ ჩვენი ხალხი და ქვეყანა და შეასრულონ ნებისმიერი ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი დავალება. ასეთი მარტივი არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას, მშვიდობასა და ომს შორის მართლაც არასდროს გვქონია და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ახლაც ისეთივე ბრძნულ არჩევანს გააკეთებს, როგორც ეს გააკეთა 2012 წლის 1 ოქტომბერს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე იხილეთ