leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: ჩვენ ჩვენი ისტორია გვაქვს დასაწერი და ამ გამოწვევებთან საბრძოლველად ყველაზე მძლავრი იარაღი – სიმართლე გაგვაჩნია

„გაუგონარი მასშტაბები მიიღო ზეწოლამ და ძალადობამ “ქართულ ოცნებაზე” და საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების კურსს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თელავში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უცხო ძალების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია, ცდილობს ქვეყანაში გამოიწვიოს გამოიწვიოს ქაოსი, რასაც თან ერთვის ზეწოლა ქვეყნის გარედან.

„უცხო ძალების დაფინანსებით წახალისებული არასამთავრობო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია ბოლო რამდენიმე წელია ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყანას, გამოიწვიოს ქაოსი, არეულობა და დაძაბულობა შემოიტანოს ქვეყანაში.

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ზეწოლა ქვეყნის გარედანაც, რაც გამოიხატება კრიტიკულ განცხადებებში, არაფრისმთქმელ რეზოლუციებში, მთელ რიგ პროვოკაციებში, მუქარებში. აბსურდამდე მისული მათი განცხადებები და გადაწყვეტილებები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

ალბათ რთულია მოიძიო დიპლომატიაში მსგავსი მაგალითი, რაც ახლახან ვიხილეთ – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შემდგომ მიწვევის გაუქმებით, წაეხალისებინათ რადიკალური ოპოზიცია. თუმცა დღევანდელ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ვერაფერი უშველის, რადიკალიზმი და ბოროტება განწირული იქნება მარცხისთვის. ამ პროვოკაციას, ვფიქრობ, თავისი სახელი აუცილებლად დაერქმევა ადრე თუ გვიან, რადგან ისტორია  ყოველთვის თავის ადგილს უჩენს მსგავს ფაქტებს.

ჩვენ კი ჩვენი ისტორია გვაქვს დასაწერი მეგობრებო და ამ გამოწვევებთან საბრძოლველად ყველაზე მძლავრი იარაღი – სიმართლე გაგვაჩნია.

სიმართლე კი მხოლოდ ერთია- ჩვენ არ ვებრძვით არავის, მზად ვართ მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის, ვინც მეგობრად გვიგულებს. მაგრამ, პირველი და უპირველესი, ყველაზე მთავარი არის ჩვენი სამშობლო, საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესები, რომელიც ეფუძნება მშვიდობას, განვითარებას, იმ ევროპულ მომავალს, რომლის ნაწილიც საქართველო ყოველთვის იყო და არის თავისი ღირებულებებით, თავისი უნიკალური კულტურითა და ისტორიით, რითაც ამაყობს თითოეული ქართველი,“- განაცხადა კახა კალაძემ.

მან საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და აღნიშნა, რომ ქვეყნის ბედი დღეს სწორედ არჩევნებზე წყდება.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყნის ბედი აბარია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას, თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ვის უნდა ანდოთ ამ ქვეყნის მომავალი და არა გარე ჩარევებით, ვიღაცას მოუნდეს მიიღოს გადაწყვეტილება.

26 ოქტომბერს, არა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“, არამედ პირველ რიგში ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ უნდა გაიმარჯვოს! გავერთიანდეთ ქვეყნის სიყვარულით, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, რადგან დღეს ჩვენი ბრძოლა სწორედ არჩევნებზე გადის,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ