გიორგი კახიანი: ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ვინმე შეეცადოს მოსახლეობის რეალური ნების გამოვლენის საწინააღმდეგოდ რაიმე მოქმედებების განხორციელებას, შეეცადოს რევოლუციური თუ გადატრიალების გზებით ხელისუფლებაში მოსვლას
“ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს იმას, რომ ვინმე შეეცადოს მოსახლეობის რეალური ნების გამოვლენის საწინააღმდეგოდ რაიმე მოქმედებების განხორციელებას, შეეცადოს რევოლუციური გზებით იქნება თუ გადატრიალების გზებით ხელისუფლებაში მოსვლას”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემა „ქრონიკაში“ მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშის შეფასებისას.
გიორგი კახიანმა აღნიშნულ ანგარიშს საგანგაშო უწოდა.
„ამ ანგარიშში ისეთი რაღაცები წერია, რომ მართლაც საგანგაშოა. ჩვენც ვცდილობთ რას, რომ ვიცით რა არის მოსალოდნელი და პრევენციის თვალსაზრისით მოსახლეობას ყველაფერზე მივაწოდოთ ინფორმაცია. ამ ანგარიშში ფაქტობრივად აღწერილია როგორ უნდა მოხდეს გადატრიალება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციისთვის სასურველი შედეგი არ იქნება. თან ანგარიშში ისიც წერია, რომ დიდი ალბათობით „ქართული ოცნება“ კონსტიტუციურ უმრავლესობას მიიღებსო. ამ ანგარიშში ეწერა თუნდაც ისიც, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.
ფაქტობრივად, ამ ანგარიშით ლუსტრირება ხდება ყველაფერ იმისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რა არის მოსალოდნელი, რაზედაც ვაფრთხილებთ მოსახლეობას.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერ ამას ამ არჩევნებზე უპრეცედენტო ხასიათი აქვს თითქოს და განსაკუთრებული ზეწოლა ხდება საზოგადოების თავისუფალი ნების გაკეთებაზე, მაინც მგონია რომ იგივე საზოგადოება ძალიან კარგად ერკვევა უკვე ყველაფერში. ფაქტობრივად, წინა არჩევნებსაც რომ გადაავლოთ თვალი, ყველა არჩევნებზე მსგავსი სცენარი იყო, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნების დღისთვის, არამედ, არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის და ეს გავლილი სცენარებია ხომ? გვახსოვს მაგალითად, 2020 წლის არჩევნები. დაახლოებით ერთი წელი აპროტესტებდნენ არჩევნების შედეგებს. რა არ გააკეთეს იმისთვის, რომ არჩევნები გამოეცხადებინათ ძალადაკარგულად, მაგრამ ერთია ისინი რას ინდომებენ, მაგრამ მეორეა- ხელისუფლება დგას თავის სიმაღლეზე.
ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს იმას, რომ ვინმე შეეცადოს მოსახლეობის რეალური ნების გამოვლენის საწინააღმდეგოდ რაიმე მოქმედებების განხორციელებას, შეეცადოს რევოლუციური გზებით იქნება თუ გადატრიალების გზებით ხელისუფლებაში მოსვლას. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ეს აქამდე დრომაც აჩვენა, პრაქტიკამაც აჩვენა და არც მომავალში რაიმე პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს იმ მოქმედებებსა და იმ მცდელობებს, რომელიც დიდი ალბათობით ამ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს ექნებათ“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.