left_sabechdi

გიორგი ტყემალაძემ კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ვაკის რაიონში, ირაკლი ციციშვილის სახელობის რეაბილიტირებული პარკი დაათვალიერა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ირაკლი ციციშვილის სახელობის პარკი გაიხსნა. პარკის გახსნას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს და პარლამენტის დეპუტატები, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, ვაკის რაიონის გამგებელი ესწრებოდნენ.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე რეაბილიტირებული პარკი 24 600 კვ.მ. ფართობზეა გაშენებული.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, რომელიც ყველა ასაკის დამსვენებლებზე იქნება გათვალისწინებული, ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„რეკრეაციული სივრცეების ფართობი დედაქალაქში კიდევ უფრო გაიზრდება და თბილისის ყველა უბანს მოიცავს. ირაკლი ციციშვილის სახელობის პარკი სრულად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. აქ ყველა პირობაა შექმნილი კომფორტული დასვენებისთვის“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო სამი საბავშვო მოედანი, ორი სავარჯიშო სივრცე, სრულად განახლდა საფეხბურთო მოედანი, შეიცვალა კალათბურთის მოედნის ინფრასტრუქტურა, მოეწყო ექვსი დასასვენებელი პავილიონი, სასმელი წყლის ხუთი შადრევანი. განთავსდა სკამები და ურნები. ასევე მოეწყო გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოეწყო სარწყავი სისტემა.

პროექტი დედაქალაქის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

 

 

ასევე იხილეთ