leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა

27 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორად აირჩია საქართველოსა და ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის მეგობარი, ვარშავის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი, დოქტორი კაროლ კარსკი.

საპატიო დოქტორის დიპლომში ვკითხულობთ: „ვარშავის უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, საჯარო საერთაშორისო სამართლისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის განყოფილების ხელმძღვანელს, დოქტორ კაროლ კარსკის მიენიჭოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება საერთაშორისო სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა განვითარებაში, საქართველო-პოლონეთსა და საქართველო-ევროკავშირს შორის სამეცნიერო, დიპლომატიური, სამშვიდობო ურთიერთობის განმტკიცებისა და უნივერსიტეტის ახალი მისიის შემოქმედის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“.

ღონისძიება, ტრადიციულად, სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა.

შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა.

„დღეს 27 სექტემბერია, ტრაგიკული მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში – ულამაზესი ქართული ქალაქის – სოხუმის დაცემის – დღე. მინდა პატივი მივაგოთ თითოეული გმირის და ოკუპაციას შეწირულ ადამიანთა ხსოვნას.

ჩვენს დღევანდელ ძვირფას სტუმარს ვერ ვმასპინძლობთ სოხუმში, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში. მე მწამს, რომ მხოლოდ წარსულით არ უნდა იცხოვროს ადამიანმა. წარსული მან უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ აუცილებლად მომავლისკენ უნდა მიემართებოდეს. სწორედ ამიტომაც ჩვენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიმუშავეთ მშვიდობის ქართული პარადიგმა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მშვიდობის დამყარებას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენას. აქედან გამომდინარე კი, ჩვენი სამშობლოს გაერთიანებას.

დღეს სტუმრად გვყავს ძვირფასი სტუმარი, ჩვენი უნივერსიტეტის და საქართველოს მეგობარი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ევროპის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი. არ ვიცი, რა ვალდებულება აქვს მას ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ ვიცი, რომ ის ყველა ასპარეზზე – იქნება სამეცნიერო-საუნივერსიტეტო, პოლონეთის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, ევროკავშირის დიპლომატიური სივრცეები, მხარს უჭერს საქართველოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ევროპულ ორიენტაციას. პირადად მე მადლიერი ვარ ბატონი კაროლის, რომ მისი მოწვევითა და ევროპის პარლამენტის ფინანსური მხარდაჭერით, უნივერსიტეტის დელეგაციას გვქონდა შესაძლებლობა 2023 წლის ივლისში ძალიან წარმატებული ვიზიტი განგვეხორციელებინა და ევროპელი პოლიტიკოსებისათვის, ევროპის პარლამენტის წევრებისთვის წარგვედგინა როგორც სსუ, ასევე – ჩვენი სამშვიდობო კონცეფცია „საუნივერსიტეტო დიპლომატია“. მან პირადად მოუწოდა ევროპის სახელმწიფოების ლიდერებს, გაეცნონ ამ იდეას, შეისწავლონ „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ კონცეფცია. ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო, დამერწმუნებით. ამით ხაზი გაესვა ჩვენი უნივერსიტეტისა და მისი მისიის განსაკუთრებულობას, უნიკალურობას, რისთვისაც ჩემი და თქვენი სახელით მადლობას მოვახსენებ დოქტორ კაროლ კარსკის, აწ უკვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს, რომლისთვისაც ჩვენი სასწავლებელი მშობლიური დაწესებულებაა“, – აღნიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

პროფესორმა კ. კარსკიმ მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, პროფესორ დავით ჯალაღონიას, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს, ასოცირებულ პროფესორ ნინო თოფურიძეს, უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსა და აკადემიურ პერსონალს გამოხატული მაღალი ნდობისა და პატივისათვის.

„ჩემთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. ეს უნივერსიტეტი დიდი ისტორიის და, ასევე, დიდი ტრადიციების მატარებელია. საქართველო, რომლის ნაწილიც რუსეთის მიერ ოკუპირებულია, სრულად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. მე დარწმუნებული ვარ, ოკუპაცია ნამდვილად დროებითია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიც სოხუმში დაბრუნდება და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. სხვანაირად შეუძლებელიცაა. ეს ერთი მთლიანი სამყაროა. ძალიან საამაყოა, რომ აქ შემუშავდა მშვიდობის ქართული პარადიგმა – საუნივერსიტეტო დიპლომატია, რომელიც უნიკალური ხედვაა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების პრობლემების, დიპლომატიისა და საგანმანათლებლო სისტემის სინერგიისათვის. პირადად, მე, აქვე ვაცხადებ, რომ „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ ყველა დებულებას სრულად ვიზიარებ და ჩემი საერთაშორისო ურთიერთობების მსოფლმხედველობაც სწორედ ამ კონცეფციას ეფუძნება. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა დღევანდელი ზეიმისათვის და მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტში ჩემი სახით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ერთგული მხარდამჭერი და ელჩი ჰყავს“, – განაცხადა პროფესორმა კ. კარსკიმ.

პროფესორ კ. კარსკისა და ქართულ-პოლონური ურთიერთობების შესახებ ასევე ისაუბრეს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ინდირა ძაგანიამ, სსუ-ის სამშვიდობო ცენტრის დირექტორმა ლევან გერაძემ, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირმა დიხამინჯიამ, უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

საზეიმო ღონისძიება, რომელსაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, მხატვრულად გააფორმეს სსუ-ის ფოლკლორულმა ანსამბლებმა.

ასევე იხილეთ