„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 12% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10%-ს გაუტოლდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები – აგვისტოში ექსპორტის 30 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 640 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. მან ასევე ხაზი გაუსვა მომსახურების ექსპორტის და მათ შორის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას, რომელიც დარგში არსებული ეკონომიკური აქტივობის ფონზე 2024 წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების; ინფორმაციისა და კომუნიკაციის; მშენებლობის; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების; განათლების და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.
„ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება. როგორც მოგეხსენებათ, არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ზრდის მიმართულებით გადახედა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს. ჩვენი მოლოდინია, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალი იქნება, ვიდრე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის პროგნოზი, რაც ნიშნავს ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს, დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და ზოგადად, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.