გიორგი ტყემალაძე: დღეიდან დედაქალაქს 25 ერთეული თანამედროვე სტანდარტების ავტობუსი შეემატა, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ქალაქში გადაადგილებას
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად „MAN“-ის მარკის ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაციას დაესწრო.
ევროპის მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ავტობუსების შემოყვანით თბილისის საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესება ხდება და ეს მოსახლეობისთვის გადაადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.
„სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა წარმოვადგინოთ დამატებით 25 ერთეული თანამედროვე, ევროსტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის ავტობუსი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირებას.
დედაქალაქში ექსპლუატაციაშია 75 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. დამატებით 25 ავტობუსი კი მარშრუტებზე ეტაპობრივად გადანაწილდება. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. სულ ჩვენს დედაქალაქში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ივლის.
თქვენ იცით, რომ წლების განმავლობაში ძველი ავტობუსები სრულად იქნა ჩანაცვლებული რაც ჩვენს თანამოქალაქეებს კომფორტულად გადაადგილების საშუალებას აძლევს. ეს კი ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ევროპის მოედანზე გამართულ ღონისძიებას „თეგეტა ჰოლდინგის“ და კომპანია „MAN Truck & Bus“-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი თითოეული ავტობუსი 162 მგზავრზეა გათვლილი, აქედან 43 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე ავტობუსს კართან აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც თბილისის კლიმატურ პირობებზეა გათვლილი.
ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებითა და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.
ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრობის საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო-საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას.
უახლოეს პერიოდში თბილისში დამატებით 100 ერთეული ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა. ჯამში თბილისის მოსახლეობას 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება.