დავით ქართველიშვილი სააკაშვილსა და მის რეჟიმზე: ჩვენმა „უშიშარმა“ მთავარსარდალმა, პარტნიორებთან ერთად შეთხზა ცნობილი #1633 რეზოლუცია, ომის დაწყებაში საკუთარი თავი დაადანაშაულა და ამით, ლამის საქართველოს დასანქცირებას ჩაუყარა საფუძველი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს მიღებულ რეზოლუციას და 2008 წლის ომთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების პოზიციას ეხმიანება.

„დემენცია“ თქვენში მოიკითხეთ – ჩვენ კი ყველაფერი გვახსოვს“, – წერს ქართველიშვილი და განმარტავს, რომ მედვედევის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად გამოცხადების შემდეგ, ქართული დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრა და EU-ს იმდროინდელ თავმჯდომარე ქვეყანას – საფრანგეთს რუსეთისთვის სანქციების დაწესება სთხოვა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსი იხსენებს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის და ევროპარლამენტის წევრების პოზიციას და სოციალურ ქსელში მათ ციტატებს აქვეყნებს. დავით ქართველიშვილის თქმით, ევროპაზე განაწყენებულმა მაშინდელმა პრეზიდენტმა, პარტნიორებთან ერთად შექმნა #1633 რეზოლუცია, რასაც ქართულმა დელეგაციამ ხელი მოაწერა, შედეგად კი ომის დაწყება საქართველოს დაბრალდა.

„სწორედ დღეს, ქართველი გმირების – წმინდა ბიძინას, ქსნის ერისთავთა წმინდა შალვა და ელიზბარის ხსენების დღეს, მინდა გავავლო პარალელი ევროპულ „ერთგულებასა“ და „სითამამეს“ შორის ჩვენს მიმართ. გავავლო ეს პარალელი ჩვენს უახლოეს ისტორიაში ერთი სამწუხარო ეპიზოდის გახსენებით. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, დ. მედვედევმა მოაწერა ხელი დოკუმენტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ ცნობის თაობაზე. ერთ კვირაში ბრიუსელში გაემგზავრა ქართული სამთავრობო დელეგაცია და იმ მომენტისთვის, EU-ს თავმჯდომარე ქვეყანას – საფრანგეთს სთხოვა რუსეთისთვის სანქციების დაწესება. მე მოგიყვანთ ამ მოთხოვნაზე ევროკავშირის მიერ გაჟღერებულ, მხოლოდ რამდენიმე საპასუხო ციტატას:

✅ „ჩვენ არაორაზროვნად ვგმობთ რუსების არაპროპორციულ რეაქციას, მაგრამ აქ, ევროპაში, ვათვითცნობიერებთ ჩვენს რუს მეზობლებთან დიალოგის აუცილებლობას“ – ნიკოლა სარკოზი

✅ „საქართველოს ირგვლივ კონფლიქტი არ წარმოადგენს რუსეთსა და დასავლეთს შორის კუნთების სათამაშოდ საბაბს, ამიტომ მისი გადაწყვეტის გასაღები არაა NATO-ს ხელში” – ნიკოლა სარკოზი

✅ „ეს არაა დიდი ომის გაჩაღების საბაბი, ეს არაა საბაბი ურთიერთობების გაფუჭებისა“ – ნიკოლა სარკოზი

„სანქციები რუსეთის წინააღმდეგ? ქვეყნის, რომელიც ფლობს ბირთვულ პოტენციალს, რომელმაც შეიძლება ათგზის გაანადგუროს დედამიწის მოსახლეობა, რომლის ყოველწლიური ეკონომიკური ზრდის ტემპი 7-8%-ია, გაზისა და ნავთობის ქვეყანა, რომელიც ასე სჭირდება ევროპას?“ – სილვიო ბერლუსკონი

✅ „მსგავსი სანქციები შემდგომ დაძაბულობას და არსებული ვითარების დაკონსერვებას მხოლოდ ხელს შეუწყობენ. ევროკავშირი ვალდებულია კვანძის გახსნის გასაღები მხოლოდ რუსეთთან მოლაპარაკებების გზით იპოვოს“ – ტრაიან ბესესკუ, რუმინეთის პრეზიდენტი

✅ „სააკაშვილმა დაუშვა სერიოზული შეცდომა, თუმცა ეს არ ამართლებს რუსეთის ქმედებებს“ – ჰანს-გერტ პოტტერინგი, ევროპარლამენტის თავმჯდომარე

✅ ევროკავშირმა მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, მოუწოდა მსოფლიოს არაღიარების პოლიტიკის გატარებისკენ, მზადყოფნა გამოთქვა კრიზისის დარეგულირებაში აქტიურ მონაწილეობაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება დააანონსა.

✅ საინტერესოა, რომ საქართველოს დელეგაცია ამ სამიტზე, რომელიც მიმდინარეობდა სარკოზის დევიზით: „საქართველო არაა ევროპის ნაწილი“ – წარმოდგენილი იყო ლადო გურგენიძის, ეკა ტყეშელაშვილის და თემურ იაკობაშვილის სახით, მიუხედავად ევროსაბჭოს მკაცრი ვერდიქტისა, რომ „საქართველოს ოფიციალური პირები სამიტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ!“. მაქსიმუმ, რასაც შეჯერდა ქართული დელეგაცია – ლადო გურგენიძის რიგითი შეხვედრა ხავიერ სოლანასთან, თუმცა, არა ევროსაბჭოს რეზიდენციაში, სადაც ქართველი პრემიერი უბრალოდ არ შეუშვეს. საინტერესო იყო პრეზიდენტ სააკაშვილის განმარტებაც, თუ რატომ არ მონაწილეობდა იგი სამიტის მუშაობაში: არა იმიტომ, რომ მოწვევა არ ჰქონდა, არამედ იმ რისკის გამო, რომ რუსეთი არ დაუშვებდა იქიდან მის საქართველოში დაბრუნებას. ევროპაზე „განაწყენებულმა“, ჩვენმა „უშიშარმა“ მთავარსარდალმა, ბრიუსელ-ვაშინგტონისთვის ქართველების შემდგომი გამაღიზიანებელი წუწუნი და აკვიატებული შეწუხება რომ შეეჩერებინა, პარტნიორებთან ერთად შეთხზა ცნობილი #1633 რეზოლუცია, რომელსაც ქართულმა დელეგაციამ უპრობლემოდ მოაწერა ხელი, ომის დაწყებაში საკუთარი თავი დაადანაშაულა და ამით, ლამის საქართველოს დასანქცირებას ჩაუყარა საფუძველი. ასე რომ, „დემენცია“ თქვენში მოიკითხეთ – ჩვენ კი ყველაფერი გვახსოვს“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ