გიორგი მამაცაშვილი: აგერ უკვე, თორმეტი წელია…

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ზოგი ქულებს ითვლის,
ზოგი – „ლაიქებს” სოციალურ ქსელში,
ზოგი – კომენტარებს სხვების სტატუსებზე,
ზოგი – რას და ზოგი – რას…
მე წლებს ვითვლი.

წლებს ვითვლი, როდესაც ერთი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურებითა და ძალისხმევით და ქართველი ხალხის ერთობით ფაშიზმი დამარცხდა საქართველოში!

წლებს ვითვლი და აგერ, უკვე თორმეტი წელია, რაც ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურებითა და ქართველი ხალხის ერთობით სააკაშვილისა და მერაბიშვილის, ადეიშვილისა და ახალაიების, უგულავასა და კალმახელიძის, გაბაშვილისა და რურუას, ბობოხიძისა და მეგის ქარდავას, ბოკერიასი და ლევან რამიშვილის, გივი თარგამაძისა და კეზერაშვილის ფაშიზმი დამარცხდა საქართველოში!

წლებს ვითვლი, როდესაც მართლა თავისუფალია ქართული მედია და არც ოფისს გირბევენ უგულავას ბრძანებით და არც კიბეებიდან გაგდებენ იარაღის კონდახით მერაბიშვილის განკარგულებით.

არც ტელეეთერებში გივარდებიან გაზულუქებული პრეზიდენტის ბრძანებით და არც ახლადჩამოყრილი გაზეთის ტირაჟს გიჩერებენ მათთვის არასასურველი მასალის ამოღების მიზნით ადეიშვილის განწყობის შესაბამისად.

არც გამომცემლობას გართმევენ და არც გადაცემებს გიხურავენ მიშას გებელსის ბოკერიას დავალებით.

წლებს ვითვლი და აგერ უკვე, მეთორმეტე წელი გავიდა ფაშიზმის დამარცხებიდან.

თორმეტი წელი გავიდა, რაც ზონდერ-ბრიგადების რეჟიმი დასრულდა და ახლაც, მათი ხავილის მიუხედავად, დაბრუნების შანსი უფრო და უფრო ეკარგებათ.

დაბრუნების კი არა, ერთმანეთს ეძებენ უკვე ხელის ცეცებით და ის დღეც არაა შორს, ჰიტლერის ფაშისტური პარტიის მსგავსად, ისტორიის სანაგვეზე მოისროლოს ქართველმა ერმა სააკაშვილისა და ახალაიების სისხლიანი მემკვიდრეობა.

დიახ, თორმეტი წელია, რაც ქართველი მუსოლინის რეჟიმი დამარცხდა!

არადა, რუმინული კომუნისტური მოძრაობის დიქტატორი ლიდერისგან განსხვავებით (რომელსაც საკუთარმა ხალხმა გამოუტანა განაჩენი), ოროთახიან სამედიცინო აპარტამენტშია განთავსებული ქართულ ეკლესიაზე და წმინდა გიორგიზე მოქირქილე ქართველი ჩაუშესკუ, რომელიც, გარემოებათა გამო და ქართული სახელმწიფოს ხელისუფლების ძალისხმევით, სწორედ ქართველი ერის გამარჯვების დღეს, 1 ოქტომბერს აღმოჩნდა ციხეში.

არადა, მიხეილ სააკაშვილისთვის ესეც ბედის ირონიაა ერთგვარი.

ერთიცაა: ქართველი ერის თორმეტწლიანი გამარჯვება ვერ მოუნელებიათ ადოლფ ჰიტლერის იდეურ მემკვიდრეებს და გორის მიწაზე გართხმული საკუთარი ბელადის მსგავსად, დღემდე მორიგ პროვოკაციებს გეგმავენ და აწყობენ ქვეყნის საზიანოდ.

შეგეშალათ!

არც ირაკლი კობახიძეა ბორმანი და არც ირაკლი ღარიბაშვილი!

არც ვახტანგ გომელაური და გიორგი ლილუაშვილი არიან ფიურერის გებელსები!

არც შალვა პაპუაშვილია ფრანკოს მემკვიდრე და არც კახი კალაძეა ენვერ ხოჯას გზის გამგრძელებელი!

ქართველი ერის გზა გამარჯვების გზაა!

სწორი არჩევანის გაკეთების გზაა და ვთქვათ პირდაპირ: 2012 წლის 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ბრძოლამ და „ქართული ოცნების” ძალისხმევამ სამართლიანი და კონსტიტუციური არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა ქართველ ხალხს.

2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველმა ერმა არჩევანი უკვე გააკეთა!”

ასევე იხილეთ