თეა ფირცხალავა: დღეს გოდერძი ჩოხელი 70 წლის გახდებოდა!
ჟურნალისტი თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?…
მარადიული ამქვეყნად
მარტო უფალის გზა არის“
დღეს XX საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ ნოველისტს, მწერალს, პოეტს, რეჟისორსა და სცენარისტ გოდერძი ჩოხელს 70 წელი შეუსრულდებოდა. როდესაც უსაზღვრო სევდის მატარებელი, ეს ღვთისშვილი თავის „უფლის გზას“ და სხვა ნაწარმოებებს წერდა, ჩემი მოკრძალებული აზრით, იგი კარგად აცნობიერებდა, რომ მაცხოვარი იმიტომ დაიბადა, ეწამა და აღდგა, რომ მოკვდავთათვის თავისი გზა დაენახვებინა: გზა გოლგოთის, გზა მარადიული სიყვარულის და გზა შენდობის. თუ გოდერძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ მან ეს სამი გზა უფლისმიერი სიყვარულით გაიარა და ბოლოს ყველას შეუნდო და მიუტევა, საკუთარი თავის გარდა.
გოდერძი ჩოხელის ცხოვრება და მოღვაწეობა ულამაზესი გუდამაყრის თემიდან დაიწყო. 1954 წლის 2 ოქტომბერს – ბურსაჭირის ნასოფლართან „შავად წამოყუდებული კლდის ძირას“ – ქართული სასწაული, სახელად გოდერძი დაიბადა. მოგვიანებით იგი იხსენებდა, ჩოხი წმინდა ადგილად ითვლებოდა და ქალებს იქ მშობიარობა ეკრძალებოდათ, ამიტომ დედაჩემი – ლელა წიკლაური სამშობიაროდ თავის სოფელში წაიყვანეს, მაგრამ გზად იმშობიარაო.
გოდერძიმ ჯერ ჩოხის რვაწლიან და ფასანაურის საშუალო სკოლებში ისწავლა, შემდეგ კი თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა, ბევრი დაწერა, ბევრი ფილმი გადაიღო და მწერალთა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრიც გახდა.
გოდერძი ჩოხელის ლიტერატურული და კინემატოგრაფიული მოღვაწეობა თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში დაიწყო, პირველი ფილმი („ადგილის დედა“) 1976 წელს გადაიღო, რისთვისაც ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრი მიიღო, პირველი წიგნი („წერილი ნაძვებს“) კი 1980 წელს გამოსცა. მისი ნაწარმოებები მრავალ უცხო ენაზე ითარგმნა, ხოლო ფილმებმა არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, პრემია თუ ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის მეორე გრან-პრი (ფილმისთვის „სამოთხის გვრიტები“) და პრიზები ფილმებისთვის „ცოდვის შვილები“ და „ლუკას სახარება“. გოდერძიმ, თავისი პროზის, პოეზიის თუ კინოხელოვნების შედევრალური ქმნილებებით ქართველი და უცხოელი მკითხველები და მაყურებლები ბევრჯერ გააოცა და განსაკუთრებით პრეტენზიული ქართველების დიდი პატივისცემაც კი მოიპოვა.
აუცილებლად უნდა გამოვყო გოდერძი ჩოხელის სატელევიზიო ფილმი „აღდგომა“, რომელიც მან 1981 წელს გადაიღო. კარგად მახსოვს მისი ნახვით გამოწვეული ჩემი სევდანარევი აღტაცება. ეს იყო სულისშემკვრელი ფილმი მიწიერ და ზეციურ საქართველოზე, ამა სოფლის ამაოებაზე და მარადიულ სასუფეველზე, დიდ ქართველებზე და ისტორიულ გმირებზე, რომლებიც სამშობლოს შეეწირნენ და აუცილებლად უნდა აღდგნენ, აღდგნენ იმისთვის, რასაც შეეწირნენ. საინტერესოა, რომ საიქიოში მყოფ ქართველ გმირებთან გოდერძის გასაუბრება ილიათი მთავრდება. ვფიქრობ, რომ „იმ“ ეპოქაში ამ ფილმის ტელევიზიით გაშვება გმირობის ტოლფასი იყო და რომ არა ჩვენი ნუგზარ ფოფხაძე, რომელიც იმ დროს საქტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარე იყო, მას ვერც ვერასოდეს ვიხილავდით.
გოდერძი ჩოხელი ადამიანს და ბუნებას სიღრმისეულად გრძნობდა, ამიტომ, მთელი თავისი არსით იცოდა, რას იღებდა და რაზე წერდა. მისი ფილმების ყურებისას თუ ნაწერის კითხვისას რწმუნდები, რომ ეს მთიელი კაცი, დიდი ვაჟა ფშაველასი არ იყოს, ბუნების შვილებს მათთვის გასაგები ენით ესაუბრებოდა, მერე კი მათ საიდუმლოებებს ჩვენ გვიყვებოდა. გოდერძი და ვაჟა ტყუილად არ შემიდარებია. იგი თავად ამბობდა ხოლმე, ვაჟა-ფშაველა ღმერთს გადმოუვარდა ჯიბიდან, მე კი ვაჟა-ფშაველასო.
გოდერძისა და ბუნების ურთიერთობა ცალკე ფენომენი იყო და ამის ნიჭი მას დედისგან დაჰყვა, წერდა, დედაჩემი და ბებო ირინე (იაკობ ტრიპოლსკის დედა) ბუნებას ელაპარაკებოდნენ და ბუნებაც პასუხობდაო.
გოდერძის შემოქმედებაში, ვაჟასი არ იყოს, არ არსებობს ზღვარი ადამიანსა და ბუნებას შორის. გაიხსენეთ დათვის და ქალის სიყვარული, ბიჭის და არწივის გასაუბრება, კაცის და მგლის მეგობრობა, ან ის პასაჟები, როდესაც ადამიანი ადამიანობას უარყოფს და თავს ირემთან, ან, სულაც, თევზთან აიგივებს. გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში უხვადაა მითოლოგია და სახე-სიმბოლოები, რომელთა შორისაა: ხარი, თხა და ბატკანი, რომლებიც სიმბოლურ დატვირთვას ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან მოყოლებული ატარებენ, გველი, რომელიც ყოველივე ცუდის საწყისია და უკუნსა და ქაოსს განასახიერებს, ყვავი და ყორანი – თავიანთი უარყოფითი კონოტაციით, მტრედი, რომელიც ოდითგან ქრისტიანულ სიმბოლოს წარმოადგენს, ყვავილები და ჩიტების გალობა, რაც სიყვარულს, ნათელს და სილამაზეს განასახიერებს.
ასევე ცალკე გამოვყოფდი სიკვდილ-სიცოცხლის თემას, რომელიც გოდერძის მრავალ ნაწარმოებში გვხვდება, აკი წერდა, „სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა… სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა“
ჩემი მოკრძალებული აზრით, გოდერძის სიკვდილის „ენა“ უფრო კარგად ესმოდა, ვიდრე სიცოცხლის. იგი სიკვდილს სიცოცხლეშივე გაუშინაურდა და მასთან ერთგვარად საკრალური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა, ამბობდა, „სიკვდილი ვალია და კაცმა ეს ვალი უნდა მოიხადოსო”. სამწუხაროა, რომ სიკვდილის წინაშე „ვალი“ გოდერძიმ ძალიან ნაადრევად გაისტუმრა:
„სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე,
რაც მოსახდენია, ჰქენი!
არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად,
გლოვაა ეს წუთისოფელი.“
53 წლის გოდერძი ჩოხელმა თქვა და აასრულა და წუთისოფელი 2007 წელს დატოვა. დიდი მწერალი და რეჟისორი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაიკრძალა, იმ მონასტრისა, სადაც დიდი ხნის წინ მან და მისმა უძვირფასესმა ნინო მელაშვილმა ჯვარი დაიწერეს:
„ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ,
ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი…
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი.“
გოდერძი ჩოხელს საქართველოს სახელმწიფო პრემია (ფილმისათვის „ცოდვის შვილები“) მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა.
ეჰ, ჩემო გოდერძი, როგორც ჩანს, ქართველები სათანადოდ ვერ მოგიფრთხილდით, გვიყარდი, მაგრამ რაღაც დაგაკელით. სხვა ქვეყნები შენზე ბევრად ნაკლები ნიჭის მქონე ხელოვანებსა და მწერლებს ხელის გულზე ატარებენ, ჩვენ კი ისტორიამ ჭკუა ვერ გვასწავლა, რადგან, შენივე სიტყვებით რომ ვთქვა, „ცოდვის შვილები“ აღმოვჩნდით და „თანდათან მგლების ხროვას“ დაემსგავსა „კაცთა მოდგმა.”
აბა, რა გითხრა, ჩვენო გოდერძი? ისევ შენს ლექსს გავიხსენებ და წერილსაც შენივე სიტყვებით დავასრულებ:
„მე დავბრუნდები სიკვდილის მერე
ყვავილს მოგიტანთ საიქიოდან,
მოვიტან ღმერთის ლამაზ სიმღერებს
და თვითონ ღმერთის იმედს მოვიტან“