ჟურნალისტი და მწერალი მაია კახიძე გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„2 ოქტომბერი! დღეს გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა… ძალიან მიყვარდა… ისეთი მოკრძალებული იყო, ჭკვიანი, მყუდრო და თბილი, ვერც ვიტყვი ორი სიტყვით. ამ სტრიქონებით კი ჩვენს ბოლო შეხვედრას გავიხსენებ:
ხელის გაწვდენაზე ანუ – მაპატიე, გოდერძი!.
დიდი ხანია ვფიქრობ, მაგრამ ვგრძნობდი, ერთი სიტყვის დაწერაც არ შემეძლო. თითქოს გავიდა დრო და მაინც ძალიან მიჭირს, ყველასგან გამორჩეულ ქართველზე საუბარი. უბრალოდ, არ ვიცი, გოდერძი ჩოხელი რამდენიმე სტრიქონში როგორ, რანაირად უნდა ჩავტიო?!
წლები მემატება და ადამიანების არყოფნის ტკივილი სულ უფრო მახსენებს თავს. განსაკუთრებით იმათი, პირადად რომ ვიცნობდი.
ვიხსენებ და ვსევდიანობ…
ერთ რამეშიც თავადვე დავრწმუნდი: ტყუილი ყოფილა, დრო ყველაფრის მკურნალიაო, რომ მეუბნებოდნენ. პირიქით, დრო უფრო აძლიერებს ნახვის სურვილს და ძალზე რთულია ამ სურვილებთან გამკლავება. მე ეს უკვე კარგად ვიცი…
პატივი…
სიხარულით მახსენდება ერთი ძალზე მნიშვნელოვანი მიპატიჟება და მეამაყება, რომ ფილმი „სამოთხის გვრიტები“ ქართველი ჟურნალისტებიდან პირველმა მე ვნახე.
დაბრუნდა თუ არა გოდერძი ჩოხელი თბილისში კინოფესტივალიდან, იმ საღამოსვე დამირეკა გივი ბერიკაშვილმა და დიღომში, კინოსტუდიაში მთხოვა მისვლა. ჩემი მეუღლე ბესო წავიყვანე და შესანიშნავი ფოტოხელოვანი ზურაბ დათუაშვილი.
მეორე სართულზე, პატარა დარბაზში მიმიპატიჟა გოდერძიმ, მაგრამ ვიდრე ფილმს ვნახავდი, ნეტავ გენახათ კახი კავსაძის ბოლთის ცემა, გივი ბერიკაშვილი აწყნარებდა, მაგრამ ბატონი კახის ემოციებს ვინ მოერეოდა? დარდობდა: მგონი ერთი „სირბილი“ მეტი გადავიღეთო. თორმეტ დღეში გადაღებული ფილმის ამბები იქ გავიგე, კინოფესტივალის ჯილდოს შესახებაც და პატივი მხვდა, ოციოდე სტუმართან ერთად მენახა ეს შესანიშნავი ფილმი და „სამოთხის გვრიტების” დამსახურებული ჯილდო, გრან-პრიც, ბატონი გოდერძის მერე, რასაკვირველია, ხელში ამეღო.
ღმერთო, რა ბედნიერი იყო გოდერძი, თითქმის არ ლაპარაკობდა, თავდახრილი ისმენდა ქებას, გახარებული თვალებით გვიმზერდა, გარს ეხვეოდნენ, ულოცვადნენ…
ბევრი თბილი სიტყვა ვუთხარი, მაშინ.
გადაღებების შესახებ კი კახი შეუდარებელი ოსტატობით გვიყვებოდა და ეს მართლა საოცრება იყო. გივი ბერიკა (მოგეხსენებათ, ფილმში მთავარ როლებს განუყრელი მეგობრები, კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი თამაშობენ), მართალია, უფულობა-უბილეთობის მიზეზით ვერ დაესწრო კინოფესტივალს და ამის გამო გულდაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ მაინც ბედნიერი და ამაყი დაფუსფუსებდა მეგობრებთან ერთად. როგორი მადლიერი ვარ, რომ დამპატიჟა და პირველს მაჩვენეს ეს მშვენიერი ფილმი. ისეთი ბედნიერი ვიყავი….იმ დღეს გადაღებული რამდენიმე ფოტო შემომრჩა, ძალიან ვუფრთხილდები, ძალიან.
გოდერძის ერთი ფოტო მაქვს, საკონცერტო დარბაზში გადავუღე, მეც ვარ, მამა-შვილი ბერიკაშვილი და გოდერძი, რომელსაც თვალები აქვს დახუჭული. არა, არ მომეწონა, დასაბეჭდად, მით უფო, მაგრამ ფოტოწამის შეცდომად ჩავთვალე. ახლა რომ ვაკვირდები, მაშინვე ემჩნეოდა სახეზე რაღაც ჩვენთვის ამოუცნობი. სამწუხაროდ, ვერ მივუხვდით. როგორ არა, კი მივუხვდით, მაგრამ ხელი ვერ შევუწყვეთ.
ახლა, ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა მინდა განსაკუთრებით გავიხსენო:
მაპატიე, გოდერძი!
ფილმის დამონტაჟებაზე მუშაობდა გოდერძი, რომელიც, სამწუხაროდ, მისი ბოლო ფილმი აღმოჩნდა. მეც ახალი ამბების გასაგებად ვესტუმრე.
ასეთი შეხვედრები, ცხოვრების დიდი გაკვეთილებია და არა თუ გაცდენა, დაგვიანებაც არ შეიძლება. ამიტომ, დათქმულ დროზე ცოტა ადრეც კი მივედი, ბატონი გივი ბერიკაშვილიც იქ დამხვდა.
ისევ ვისაუბრეთ მთაზე და ბარზე, სიცოცხლეზე, სიყვარულზე, ღმერთზე, დედაზე…საოცრად თბილი საღამო იყო, თვითონაც დაისვენა გოდერძიმ ცოტა ხნით ჩამოჯდა და სამივემ ჩაი დავლიეთ. გივი ბერიკაც (დიდი ხნის წინ მომცა უფლება, ასე მოვიხსენიო) გვერთვებოდა საუბარში და ძალიან ბედნიერი ვიყავი ორივესთან ყოფნით.
წამოსვლისას კი, რაღაც დავპირდი გოდერძის და სიტყვაც მივეცი, რომ აუცილებლად შევასრულებდი, ბერიკაც იყო იმ სიტყვის მოწმე, მაგრამ სამწუხაროდ, გადადებული საქმე დღესაც გულს მიღრღნის… მერე კი ყველაფერი სხვაგვარად დამთავრდა, ს ხ ვ ა გ ვ ა რ ა დ! არ მეგონა, არა, ვერც წარმოვიდგენდი ასეთ დასასრულს, იმიტომ, რომ ერთხელ მითხრა:
– როცა მთაში ვარ, რაც უფრო მაღლა მივიწევ, ღმერთთან ისე ახლოს მივდივარ ხოლმე, იქვეა, ხელის გაწვდენაზეო…
შურიანი არ ვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო, ისე მიამბობდა უფალზე, ნეტავ გენახათ მისი თვალები ან მოგესმინათ მისი თბილი ხმა, ნამდვილი საოცრება იყო. სუნთქვა შემეკრა, შემშურდასავით… მეც მომინდა იმ „ხელის გაწვდენაზე…“
სამწუხაროდ, ჩემდა უნებურად, მიცემული სიტყვა გავტეხე. დღემდე ძალიან განვიცდი, მაპატიოს მისმა სულმა, ერთი პატარა, მაგრამ გოდერძი ჩოხელისთვის მეტად მნიშვნელოვანი თხოვნა რომ ვერ შევუსრულე!
გოდერძი ისედაც არავის არაფერს სთხოვდა, მე კი…
მაპატიე, გოდერძი!..
მერამდენე დღეობაა შენს გარეშე, არც მინდა დავითვალო… რატომ ვწერ?
ალბათ, იმიტომ, ოდნავ მაინც რომ დავმშვიდდე…
/მაიკო კახიძე/ამონარიდი ჩემი წიგნიდან/
*სამწუხაროდ, ამ ფოტოდან სამივე იმიერშია, იმ სხვა საქართველოში და წარმოდგენაც არ გვაქვს, არის თუ არა იქ თეატრი და კინო…“ – წერს მაია კახიძე.