left_sabechdi

ბაიდენის გზავნილი – აშშ-ს თავისი “ძაღლიშვილი” ურჩევნია

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე მიწვეული საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებას მასპინძელი ქვეყნის სირცხვილად აფასებს გაზეთ „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე, რომელიც აქვეყნებს წერილს სათაურით „ქვეყანას, სადაც „სტუმარ-მასპინძელი“ დაიწერა, ბაიდენის ამერიკასთან არაფერი ესაქმება!“ .

ჟურნალისტის აზრით, როდესაც დამოუკიდებელი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მეთაურს ჯერ მიღებაზე მიიპატიჟებენ და მერე მიპატიჟებას გაუუქმებენ, იქ მეგობრობასა და დიპლომატიაზე საუბარი ზედმეტია.

„ირაკლი კობახიძისთვის კარის მიხურვით ბაიდენის ადმინისტრაციამ გვითხრა, რომ საქართველოს ხელისუფლების სათავეში თავიანთი „ძაღლიშვილი“ – სააკაშვილისა და მისი ბანდის დაბრუნება სურთ! დღევანდელ მსოფლიოში თუ რამ უბედურება და სიბილწე ხდება – უკრაინის ომი იქნება, სააკაშვილის არაჟნის კონტეინერით შემოპარება, „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნა, ორჯერ გათხოვილი კაცის – მიხაელ როთის მიერ ქართული ეკლესიის შეურაცხყოფა, ალ-ყაიდას მიერ მოწყობილი სისხლიანი ტერაქტები, ქალის კაცად გადაკეთება თუ კაცის „დაორსულება“, ყველაფრის უკან სწორედ ის ხალხი დგას, ვინც 25 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაიდენთან შეხვედრაზე ჯერ დაპატიჟა, ხოლო შემდეგ, ეს დაპატიჟება სამარცხვინოდ გააუქმა“, – წერს დიტო ჩუბინიძე.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 25 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე ქვეყნების ლიდერებისთვის აშშ-ს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ტრადიციული მიღება გამართა. ამ მიღებაზე მიიწვიეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, თუმცა, მოგვიანებით ეს მიწვევა გააუქმეს და საქართველოს დელეგაციას კარი მიუხურეს.

„ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი. აშშ არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს“, – ასე შეაფასა აშშ-ის გადაწყვეტილება თავად ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ