პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობაიძის შეფასებით, გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთის მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადებები, მისი რეპუტაციიდან გამომდინარე, ერთგვარი წინასაარჩევნო საჩუქარია “ქართული ოცნებისთვის”.
კობახიძის შეფასებით, რაც უფრო მეტად იაქტიურებს მიხაელ როთი რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს არჩევნებში რადიკალური ოპოზიცია.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთიმ ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მიცემაში დახმარებას შესთავაზა. როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, სამართლებრივად ეს საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა.
„ეს არის ჩვენი კონსტიტუციური პრინციპების უპატივცემლობა, არ შეიძლება უცხოელი ერეოდეს ასეთი პირდაპირი და უხეში ფორმით საარჩევნო პროცესებში. პრაქტიკული თვალსაზრისით, ამას ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი, პირიქით, მიხაელ როთი ძალიან დიდი საჩუქარია მმართველი გუნდისთვის მისი რეპუტაციიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტად იაქტიურებს მიხაელ როთი რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია”, – აღნიშნა კობახიძემ.
ბრიფინგზე ასევე დაისვა კითხვა, ამერიკულ გამოცემა „ჰილში“ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით სათაურით – “ქართული დემოკრატიის გადასარჩენად ბაიდენმა უნდა დაუწესოს სანქციები ქვეყნის ოლიგარქებს”, რომელის ავტორებიც არიან საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი – იან კელი და ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი – დევიდ კრამერი. კობახიძემ ამ წერილს შანტაჟის ერთგვარი ფორმა უწოდა.
„კელი და კრამერი ვინც არიან, ყველამ ძალიან კარგად იცის საქართველოში. მათ ასეთ მოწოდებებს არავითარი ფასი არ აქვს. ისინი არიან ჩვეულებრივი ე.წ. გარე ექსპერტები და პერიოდულად აკეთებინებენ ასეთ განცხადებებს. ეს არის შანტაჟის ერთგვარი ფორმა, ასეთ შანტაჟს ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება ჩვენს ხელისუფლებაზე. ხელისუფლება მომავალშიც, ყოველგვარი შანტაჟის მიუხედავად, გადაწყვეტილებებს მიიღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერმა.