საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის – მამუკა მდინარაძის აზრით, ქვეყნის გაერთიანების იდეის აღსრულებას დიდი პოლიტიკური გამბედაობა და ვაჟკაცობა სჭირდება! ამ ვაჟკაცობის შემადგენელი ნაწილია ბოდიშის მოხდაც.
მისივე განმარტებით, როდესაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოსებთან შერიგებაზე საუბრობდა, არ გულისხმობდა იმას, რომ ვინმემ ბოდიში უნდა მოუხადოს ან ოკუპანტს, ან მკვლელს, ან მწამებელს, რაზეც, მდინარაძის თქმით, ოპოზიცია დღემდე სპეკულირებს.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქართველი გმირები შეეწირნენ ერთიანი საქართველოს იდეას და ამ იდეის აღსრულებას სჭირდება დიდი შერიგება ოს და აფხაზ დებთან და ძმებთან, დიდი შერიგება ბოდიშის გარეშე შეუძლებელია!
„არსებობს კონფლიქტის გადაჭრის ორი გზა ერთია ომი და მეორეა ურთიერთ პატიება. ვინც გაილაშქრა ურთიერთ პატიების, ქვეყნის ერთიანობის, შერიგების წინააღმდეგ ატყუებენ საზოგადოებას, თითქოს ვინმე ამბობს, რომ ან ოკუპანტს ან მკვლელს , ან მწამებელს ბოდიში უნდა მოუხადოს ვინმემ. უნდა ჩამოვყალიბდეთ ოსები და აფხაზები არიან თუ არა ჩვენი დები და ძმები, თუ ისინი არიან დამნაშავეები? დიახ, დამნაშავეა, მკვლელი და მწამებელი და ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და აფხაზები არიან, როგორიც მიხეილ სააკაშვილია ქართველი. ქვეყნის გაერთიანების იდეის აღსრულებას დიდი პოლიტიკური გამბედაობა და ვაჟკაცობა სჭირდება! ამ ვაჟკაცობის შემადგენელი ნაწილია ბოდიშის მოხდაც. როცა ყოფნის ვიღაცას ვაჟკაცობა, მათ შორის პოლიტიკური გამბედაობა და ამბობს, რომ დიახ, ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ, ჩვენ ჩვენს შეცდომებზე უნდა ვილაპარაკოთ, მათ- თავისზე. აქ ქართველებზე , ოსებზე და აფხაზებზეა ლაპარაკი და არა – მკვლელებზე, სადისტებზე, ოკუპანტებზე და მწამებლებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ “ღამის კურიერთან” ინტერვიუში.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კატეგორიულად ემიჯნება ოპოზიციის ნაწილის სპეკულაციას და უარყოფს მათ მიერ გავრცელებულ მოსაზრებებს, თითქოს მმართველი პარტია ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდას აპირებს.
„ „რუსებს მოვუხადოთ ბოდიში“? ან „ანწუხელიძის მკვლელებს მოვუხადოთ ბოდიში“? საიდან მოიტანეს ეს? როგორ აკადრეს ან ანწუხელიძის სახელსა და გვარს, ან ჩვენს გმირებს, მაგრამ აკადრეს და იცით, რატომ? თავის დროზე აკადრეს, ომის დანაშაული დააბრალეს ომიდან ორ თვეში“, – აცხადებს მდინარაძე.
ვრცლად გაზეთ „დაიჯესტის“ მეორე ნომერში