მაკა ბოჭორიშვილი: რუკაზე ერთი დახედვაც საკმარისია, მიხვდე, რამდენად კომპლექსურ გარემოში გვიწევს დღეს მშვიდობის შენარჩუნება
„კონფლიქტი, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საქართველოს ორი რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაცია, ეს არის ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩემი ქვეყანა უკვე 3 ათწლეულია დგას. საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა არის კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების ძიება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა დუბლინში, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, დღეს საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება არა მხოლოდ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის.
„ძვირფასო კოლეგებო, ამ ორგანიზაციის ფუნდამენტური მიზანი ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის უზრუნველყოფაა, თუმცა ჩვენ გამუდმებით გვიწევს კონფლიქტებზე საუბარი.
საქართველო ეუთოს მონაწილე ის ქვეყანაა, რომელიც ათწლეულებია, საკუთარ თავზე განიცდის საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფის შედეგებს.
კონფლიქტი, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საქართველოს ორი რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაცია, ეს არის ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩემი ქვეყანა უკვე 3 ათწლეულია დგას. საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა არის კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების ძიება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. ამ პროცესში ყველა საერთაშორისო აქტორი ჩართულია, თუმცა ამ დრომდე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმატებაზე საუბარი ძალიან რთულია. საქართველოს ხელისუფლების 10-წლიანი ძალისხმევის შედეგად, დღეს ჩვენ საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებიც გვიმაგრებს ზურგს და არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი არგუმენტებით შეგვიძლია, ვიბრძოლოთ მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარებისთვის. რუკაზე ერთი დახედვაც კი საკმარისია, რომ მიხვდე, რამდენად კომპლექსურ გარემოში გვიწევს დღეს მშვიდობის შენარჩუენებასა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების სტაბილური გზის უზრუნველყოფაზე ზრუნვა. უკანასკნელ წლებში საქართველო სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ დადგა დესტაბილიზაციის საფრთხის ქვეშ, რაც კიდევ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის ქვეყნის უსაფრთხოებას. ვიხილეთ არა ერთი საერთაშორისო მასშტაბის კამპანია, რომელიც უმეტესწილად მოკლებულია რეალურ ობიექტურ საფუძვლებს, თუმცა ქვეყნის რეპუტაციას ლახავს. წინ მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. ხელისუფლების ინტერესშია, ქვეყანაში არჩევნები წესების დაცვით ჩატარდეს და საქართველოს მოქალაქეების არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენოს, როგორც ეს წარსულში მომხდარა. საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, დააკვირდეთ არჩევნებს და გააკეთოთ ობიექტური დასკვნები. თქვენი მისია იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ არჩევნებზე დაკვირვებაა. დღეს საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება არა მხოლოდ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.