„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია, რომელიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის დროს 34-ჯერ დაიჭირეს (მისი არცერთი დაკავება ცემის, წამებისა და შეურაცხყოფის გარეშე არ დასრულებულა), იხსენებს მოვლენებს სისხლიანი წარსულიდან, როდესაც უდანაშაულო ადამიანებს აპატიმრებდნენ და მოსამართლე ნებისმიერ ბრალდებაზე „ჩაქუჩს ურტყამდა“.
„ნაცემ-ნაგვემი რომ ვიყავი სასამართლოზე, სისხლის გუბეებს რომ ვაყენებდი, იქ ამბობდნენ, რომ ჩემი წინააღმდეგობის გაწევისას იძულებულნი იყვნენ ძალა გამოეყენებინათ და სწორედ ამიტომ მქონდა ის დაზიანებები. ეს იყო მათი სტანდარტი!“– აცხადებს დაჩი ცაგურია გაზეთ „დაიჯესტთან“ ინტერვიუში.
იგი იხსენებს 2009 წლის მოვლენებს, მის დაკავებას და პარალელს ავლებს პატიმარი სააკაშვილის სასჯელის მოხდის პირობებთან.
„15 ივნისს დამიჭირეს ნაცემი, ნაწამები, დალეწილი, ხერხემალდაზიანებული, რამდენიმე ადგილზე თავგატეხილი, ხელის მტევნები დამტვრეული ბეისბოლის ბიტით და ასეთ მდგომარეობაში შემაგდეს კამერაში. 30 დღე ისე ვეგდე იზოლატორში, მხოლოდ ერთი ცალი პლედი მქონდა, ვირთხები თავზე მახტებოდნენ. 30 დღიანი სასჯელი ისე მოვიხადე, რომ ერთხელაც არ მომცეს უფლება ტანი დამებანა და ფრჩხილები დამეჭრა. ამ იზოლატორიდან გამოვედი როგორც ველური! ახლა კი, სააკაშვილს ყოველდღე კონსილიუმები აქვს კამერაში და 20 ექიმი შედის მოსაკითხად. როგორ მოშარდა იმასაც კი არკვევენ“ , – აცხადებს დაჩი ცაგურია.
„ნაციონალური მოძრაობის“ სისასტიკეზე საუბრისას კვინტრაძე-ასათიანის მკვლელობის საქმესაც იხსენებს.
„ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი 26 მაისს ცემით მოკლეს და სახურავზე გადამალეს. მერე თქვეს დენმა დაარტყაო. კვინტრაძის შვილს ციხეში შეატყობინეს და დაადრეკინეს დედასთან – არაფერი თქვა, თორემ მე აქ მომკლავენო. ეს ვინც კარგად იცის და დღეს იმ მკვლელების გვერდით არიან, სამარცხვინოები არიან!“, – ამბობს დაჩი ცაგურია.
წყარო: გაზეთი „დაიჯესტი“