leaderboard_below_slide
left_sabechdi

ევროკომისია უნგრეთს სუვერენიტეტის შესახებ კანონის გამო უჩივის

ევროპულმა კომისამ უნგრეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა სუვერენიტეტის შესახებ მიღებული კანონის გამო. ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

უნგრეთმა კანონი ნაციონალური სუვერენიტეტის შესახებ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. მისი ინიციატორი მმართველი პარტია „ფიდესი“ იყო. კანონის თანახმად, უნგრეთში სუვერენიტეტის დაცვის ოფისი შეიქმნება.

სუვერენიტეტის დაცვის ოფისის მთავარი ამოცანა კონკრეტული საქმიანობის შესწავლა იქნება, რომელიც სხვა სახელმწიფოს, ორგანოს, ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის ინტერესებით ხორციელდება და უნგრეთის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის.

ევროკომისიამ 2024 წლის თებერვალში უნგრეთს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც კანონთან დაკავშირებით მისი შეშფოთება გამოთქვა. წერილის საპასუხოდ ოფიციალურმა ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ კანონი ევროკავშირის უფლებებს არ არღვევს და ბრიუსელის შეშფოთება დაუსაბუთებელია.

ევროკომისია, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ კანონი სუვერენიტეტის შესახებ რამდენიმე ფუნდამენტურ უფლებას არღვევს, მათ შორისაა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემა, აზრისა და ინფორმაციის გამოთქმა, შეკრების თავისუფლება, საადვოკატო საიდუმლოს უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომლის თანახმადაც ადამიანს აქვს უფლება საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს.

კომისია აგრეთვე ამტკიცებს, რომ უნგრული კანონი არღვევს თავისუფალი შიდა ბაზრის რამდენიმე ფუნდამენტურ უფლებას – დირექტივებს ელექტრონული კომერციისა და მომსახურების შესახებ და ევროკავშირის კანონმდებლობას მონაცემთა დაცვის შესახებ.

ასევე იხილეთ