ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და პატიმარი სააკაშვილის ოჯახს საქართველოს გაძარცვაში სდებს ბრალს და ამის დასტურად არაერთი მაგალითი მოჰყავს.
მისივე თქმით, გიული ალასანია, მისი შვილის გვერდით, ციხეში უნდა იჯდეს, ისევე, როგორც სააკაშვილის მთავრობის წევრები, რომლებიც ცალ-ცალკე კალოშით მოვიდნენ ხელისუფლებაში და მილიარდერები გახდნენ.
ცაგურია ითხოვს, რომ პატიმარმა სააკაშვილმა ციხის ისეთივე პირობებში მოიხადოს სასჯელი, როგორ პირობებშიც მისი რეჟიმის დროს ჰყავდათ პატიმრები.
„ამ არაკაცმა ჩემსავით იტანჯოს, არ შეუშვან ექიმი, ამოუქოლონ ფანჯრები, წიხლებით და ბეისბოლის ბიტებით სცემონ ისე, როგორც მე და ჩემს მეგობრებს გვცემდნენ, გალახონ მამამისიც და ბოლოს გიულისაც ურტყან ძირს დაგდებულს „დუბინკა“ ისე, როგორც დედაჩემს და მერე მელაპარაკეთ სამართლიანობაზე“, – აცხადებს დაჩი ცაგურია „დაიჯესტთან“ ინტერვიუში.
მისი აზრით, სააკაშვილმა და კეზერაშვილმა საქართველო 2008წლის ომის დროს გაძარცვეს!
„საიდან აქვთ იმის რესურსი, 9 ტელევიზიას, 500 ინტერნეტ სააგენტოს და ვითომ სამოქალაქო აქტივისტებს, სინამდვილეში კი, მათ პარტიულ ზონდერ-ჯგუფებს რომ ინახავენ? როგორ გახდა კეზერაშვილი მილიარდერი? როგორ ინახავს ტელევიზია „ფორმულას?“ სააკაშვილმა და კეზერაშვილმა საქართველო ომის დროს გაძარცვეს! ომი გვქონდა რუსეთთან და ომის დროს თავდაცვის მინისტრმა და მთავარსარდალმა გაგვძარცვეს!. მეტიც, გიული ალასანიამ, 2008 წლის 14 აგვისტოს, წარმოიდგინეთ, რა თარიღია, ერთ ლარად გაიფორმა ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსი და სხვადასხვა ქონება იმისთვის, რომ უნივერსიტეტი „გიული უნი“ გიულისი ყოფილიყო. გამოსაძიებელია და ციხეში ჩასასმელი ქალბატონი გიული სწორედ ამ ძარცვის გამო. მან 1 ლარად გაიფორმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯერ კორპუსი, შემდეგ კი 10 ათას კვ.მ-ზე მიწის ნაკვეთი. იმიტომ აქვს ქალბატონ გიულის გრძელი ენა, რომ თავადაც ციხეში არ ზის თავის შვილთან ერთად“, – აცხადებს დაჩი ცაგურია.
წყარო: გაზეთი „დაიჯესტი“