პატიმარი სააკაშვილის ხელისუფლება, საქართველოს ისტორიაში ადამიანების აბსურდული ბრალდებით გასამართლების ცოცხალი ნიმუშია. ერთ-ერთია ე.წ. ალექსი ბახუტოვის საქმე, როდესაც ცოცხალი ადამიანის – ლაშა ჩოფიკაშვილის არდადასტურებული მკვლელობის გამო 4 ადამიანი გაასამართლეს.
„ბახუტოვის საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის შავი ლაქა და იმავდროულად, მათი რეჟიმის სუფთა ანარეკლია. მწყემსი გაასამართლეს იმიტომ, რომ მასთან მყოფი მეორე მწყემსი რაღაც პერიოდი არ ჩანდა. სწორედ ამიტომ, მათ ჩათვალეს, რომ ბახუტოვმა მოკლა მისი მეგობარი. დაიჭირეს მწყემსი, სასიკვდილოდ სცემეს, აღიარებინეს დანაშაული. ბახუტოვს წამებით დააწერინეს, რომ გვამი მდინარეში გადააგდო. რომ ნახეს, მდინარე სამ კილომეტრში იყო იმ ადგილიდან, უთხრეს, რომ მარტო ამას ვერ იზამდა. სცემეს და დააწერინეს, რომ სამი კაცი ეხმარებოდა. ეს სამი სრულიად უდანაშაულო ადამიანიც დაიჭირეს. ორიოდე თვეში გამოჩნდა ვითომ მოკლული. მთაში იყო თურმე წასული. ის სამი (ასლან გაუარაშვილი, ალექსი ცოციაშვილი და ვეფხვია ხაჩოშვილი) ვითომ დამხმარე უკვე ცოცხალი მსხვერპლის გამოჩენის შემდეგ გაასამართლეს“, – აცხადებს სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია გაზეთ „დაიჯესთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ალექსი ბახუტოვი 2007 წლის 27 ივნისს დააკავეს. კახეთის საოლქო პროკურატურამ მას ბრალი ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობაში დასდო, თელავის რაიონულმა სასამართლომ კი ბახუტოვს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის გამოძიებისას სამართალდამცავებმა ბახუტოვი არაერთხელ ისე აწამეს, რომ მან დანაშაულში მონაწილე სხვა პირებიც დაასახელა.
ჩოფიკაშვილის გვამის გადამალვის ბრალდებით პროკურატურამ ასლან გაუარაშვილი, ალექსი ცოციაშვილი და ვეფხია ხეჩოშვილი დააკავა. ამ დროისათვის სამართალდამცავებმა უკვე იცოდნენ, რომ ჩოფიკაშვილი ცოცხალი იყო. ამ ინფორმაციას თელავის სასამართლოშიც ფლობდნენ, მაგრამ მოსამართლემ პროკურატურასა და დაკავებულებს შორის გაფორმებული საპროცესო გარიგება მაინც დაამტკიცა. თავისუფლების სანაცვლოდ გენერალური პროკურატურის ანგარიშზე ათასობით ლარი გადაირიცხა. სააკაშვილის პროკურატურა ბახუტოვს წლების განმავლობაში აშანტაჟებდა.
თავდაპირველად ჩოფიკაშვილი სამართალდამცველებს არწმუნებდა, რომ მისთვის ხელი არავის უხლია, თუმცა მეორე დღეს, პროკურატურაში ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ბახუტოვმა მას ჯოხი ჩაარტყა თავში. მას შედეგ, რაც ლაშა ჩოფიკაშვილის ცოცხალი გამოჩნდა, ბახუტოვმა ჩვენება შეცვალა და წამების საფუძველზე მკვლელობის მცდელობა აღიარა.
ბახუტოვის საქმე არაერთხელ მოხვდა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში.
წყარო: გაზეთი “დაიჯესტი”