საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ვაჟის, გიორგი გამსახურდიას განცხადებით, მისი მამის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოძიების დაწყებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს.
“სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ საქმეს ხანდაზმულობის ვადა აღარ აქვს”, – ამბობს გიორგი გამსახურდია.
როგორც გაზეთ „დაიჯესტთან“ ინტერვიუში გიორგი გამსახურდია აღნიშნავს, თავის დროზე ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ „ზვიადისტის“ მანტია მოირგო და მერე თავადვე მოახდინა საკუთარი თავის ილუსტრაცია, როცა სამეგრელოს დამრბევი და ამწიოკებელი „მხედრიონიდანაც“ გაძევებული თემურ გერგაია საკუთარ შტაბში დანიშნა.
„გახარია ვერ იქნება ივანიშვილის პროექტი, რადგან ის არის მოღალატე“, – ამბობს გიორგი გამსახურდია.
აღსანიშნავია, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე დღემდე ბურუსით არის მოცული. საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ხიბულაში მოკლეს.
საქართველოს გენერალური პროკურორის ინიციატივით, 2023 წლის ბოლოს ცვლილება შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და ისეთ დანაშაულებზე, რომელსაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, აღარ გავრცელდება ხანდაზმულობა.
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე გამოძიება 1994 წელს დაიწყო და 2004 წლამდე მიმდინარეობდა. 2015 წელს გადაკვალიფიცირდა განზრახ მკვლელობად და ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ბიოლოგიური ექსპერტიზა.
ვრცლად გაზეთ „დაიჯესტის“ პირველ და მეორე ნომრებში